AFP-ის ჟურნალისტის, არმან სოლდინის გარდაცვალების გამოსაძიებლად, უკრაინაში ფრანგი გამომძიებლები ჩავიდნენ. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება უკრაინის ომში არმან სოლდინის დაღუპვის ფაქტზე და საქმე საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა.
“ჩვენ კავშირში ვართ გამოძიების ფრანგულ ნაწილთან, რადგან ისინი თანამშრომლობენ უკრაინის გენერალურ პროკურორთან. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ ოთხი გამომძიებელი ჩამოვიდა აქ საფრანგეთიდან და მათ დაიწყეს ჩვენების მოსმენა”, – განაცხადა კაველიემ.
მისივე თქმით, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ საქმეს დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან ჟურნალისტის მკვლელობა არ არის მხოლოდ სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ 10 მაისს უკრაინის ომში AFP-ის რეპორტიორის არმან სოლდინის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება
საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო. ის კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული.
არმან სოლდინი სექტემბრიდან უკრაინაში ცხოვრობდა და ფრონტის ხაზზე რეგულარულად დადიოდა.
IMI-ს ცნობით, არმან სოლდინი გახდა 57-ე მედია პროფესიონალი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა.