ადამიანებს ეს ნათქვამი არ მოეწონებათ – ვახტანგ მეგრელიშვილი გიორგი ვაშაძეზე

21
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი ვაშაძის მხრიდან დისკრიმინაციაზე საუბრობს და თვლის, რომ ვაშაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან მათი შეფასებით, ეს არის სიძულვილის ენა.

აუტისტური სპექტრის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება კი დაუშვებელია. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევრო ოპტიმისტები“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძეც წამოსცდა და რომან გოცირიძის აზრით ის ამას გააცნობიერებს.

“მსგავსი რამ, როდესაც “ქართულ ოცნებაში“ ხდება ამას არ ექცევა ყურადღება, ხოლო სამედიცინო ტერმინით მოხსენება, ეს პოლიტიკოსი იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი დაუშვებელია. ეს იყო წამოცდენა უბრალოდ და გიორგი ვაშაძე ამას გააცნობიერებს, რადგან გონიერი ადამიანია,“- აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება უფრო მეტად ეთიკის საკითხია და სხვა პოლიტიკოსებს უფლება არ აქვთ ეთიკაზე ისაუბრონ.

“იმ პირობებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ამ საკითხებზე აქცენტის გადატანა აბსურდი მგონია ზოგადად, ეს არის ეთიკის საკითხი და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს არავითარი უფლება არ აქვთ ეთიკაზე ისაუბრონ,“- აცხადებს მეგრელიშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აგებს ამ ყველაფერზე გიორგი ვაშაძე პასუხს? ვახტანგ მეგრელიშვილი პასუხობს, რომ სავარაუდოდ ის პოლიტიკურ რეიტინგს დაკარგავს.

“ვაშაძე აგებს პასუხს იმით, რომ ადამიანებს მისი ეს ნათქვამი არ მოეწონებათ და როგორც პოლიტიკოსი რეიტინგს დაკარგავს, მეტი რა უნდა მოხდეს?- მე ნამდვილად არ მესმის,“- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის,  “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა. როგორც ვაშაძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, ირაკლი კობახიძე აუტისტი ადამიანია, ის ხალხს არ ესაუბრება და იზოლაციაშია.