უკრაინისთვის მიწოდებული Abrams-ის ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია.
„ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს პანაცეა და არცერთი ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალოს. არ არსებობს ასეთი იარაღი”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, Abrams-ის ტანკებიც ისევე დაიწვება, როგორც სხვა ქვეყანაში წარმოებული ტანკები.
„Abrams-ის ტანკები სერიოზული იარაღია. მაგრამ გაიხსენეთ რა თქვა პრეზიდენტმა სხვა ქვეყანაში წარმოებულ ტანკებზე. ეს ტანკებიც ისე დაიწვებიან, როგორც სხვები”, – დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ Abrams-ის ტანკების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია.