“აბა, გაბედონ და არ დააჭირონ ღილაკს ხელი” – რომან გოცირიძე

106
spot_img

აბა, გაბედონ და არ დააჭირონ ღილაკს ხელი – „ქართული ოცნების“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმა ნიშნავს განაჩენის გამოტანას ამ პარტიისთვის, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ის ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სარჯველაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციონერები, რომლებიც შოვის ტრაგედიაზე ხმამაღალი განცხადებებით საუბრობენ, შოვში არ ჩასულან. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ოპოზიციის წარმომადგენლები პირველივე წუთებიდან იყვნენ იქ“.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმა იქნება ძალიან მძიმე განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს არის მორალური პასუხისმგებლობის საკითხი დაღუპული ადამიანების, მათი ოჯახების წინაშე და ქვეყნის წინაშე. აბა, გაბედონ და არ დააჭირონ ღილაკს ხელი, კონსტიტუციის დარღვევით უარს ეუბნებიან ოპოზიციას კომისიის შექმნაზე. ამ კომისიის შექმნა უმრავლესობაზე დამოკიდებული არ არის, ავტომატურ რეჟიმში უნდა შეიქმნას, როცა 50 ხმა გროვდება. მიუხედავად სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული საქმეების გამოძიების დიდი მნიშვნელობისა, რომელიც მათ ჩააგდეს, დღეს უკვე არის სხვა შემთხვევა – შოვის ტრაგედიისას ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმა ნიშნავს განაჩენის გამოტანას ამ პარტიისთვის, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, პასუხისმგებელია ყველა, მთელი მთავრობა, დაწყებული იქიდან, თუ რატომ არ იხარჯებოდა მიზნობრივად ფული და არ გვქონდა ტექნიკური საშუალებები, დამთავრებული იმით, თუ როგორ არაეფექტურად მოხდა რეაგირება,“ – განაცხადა გოცირიძემ.