“უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა” – აჭარის მთავრობა

72
spot_img

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, ასევე, ბათუმის სანაპირო ზოლში, გარკვეულ პერიმეტრზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

უწყების ცნობითვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სანაპიროზე არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

„უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურების, ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ასევე, შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო ზოლი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.