დღეს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა!

213
spot_img

ასტრიდ ლინდგრენი – მწერალი ქალი, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე არაერთ ბავშვს გაულამაზა ცხოვრება, ასტრიდ ლინგდრენი, ადამიანი, რომელმაც კარლსონი, პეპი, ლიონბერგელი ემილი და სხვა დაუვიწყარი გმირები შექმნა… დღეს ამ შესანიშნავი შვედი ქალბატონის დაბადებიდან ზუსტად 116  წელი გახდა.

“პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “მიო, ჩემო მიო”, “ემილი ლიონებერგიდან”, “ძმები ლომგულები”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “მაწანწალა რასმუსი” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ავტორიც ყველასთვის საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენია.

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი  1907 წლის, 14 ნოემბერს დაიბადა. ფრუ ლინდგრენს ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნის და ფილმის სცენარი. მისი წიგნები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: “პეპი გრძელწინდა“, “სახურავის ბინადარი კარლსონი“ და სხვა საბავშვო წიგნები, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული სკანდინავიასა და ზოგადად ევროპაში იყო.

ასტრიდი დაიბადა  სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში (სმოლანდის პროვინცია), ფერმერის ოჯახში. იგი იყო სამუელ ავგუსტ ერიკსონისა და მისი მეუღლე ჰანას მეორე შვილი. მამა ნესეში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფროს ძმა გუნართან ერთად, ოჯახში სამი გოგონა იყო – თავად ასტრიდი, სტინა და ინგეგერდი.

თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა “ცხენის“ და “კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები – უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან – უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.

თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც – არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარული გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი “სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“.

ხუმრობა, ზღაპარი თუ ისტორია, რომელიც მამისგან თუ მეგობრებისგან მოუსმენია, იქცა მისი საკუთარი წიგნების ელემენტებად. წიგნებისა და კითხვის სიყვარული, როგორც იგი ამტკიცებდა, გაჩნდა კრისტინის, მისი მეგობრის სამზარეულოში. სწორედ კრისტინმა გააცნო მას საოცარი სამყარო, რომელშიც მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ზღაპრების კითხვისას. ასტრიდის შესაძლებლობები გამოვლინდა უკვე დაწყებით სკოლაში, სადაც მას “ვიმერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობდნენ. თუმცა, მისი აზრით, იგი ამ წოდებას არ იმსახურებდა.

16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში  – “Wimmerby Tidningen. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა საყვარელი შვილი და იძულებული იყო, დროებით გაეშვა იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) ჩამოიყვანა დანიიდან ლარსი.

“ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა” – ხშირად ამბობდა მწერალი და ამაში ქალიშვილი კარენიც ეთანხმებოდა: “ასტრიდი ისეთი დედა კი არ იყო, რომელიც შვილს პარკში წაიყვანდა სასეირნოდ, თვითონ ხის სკამზე ჩამოჯდებოდა და შეხედავდა, როგორ თამაშობს. არა, ის შვილთან ერთად ჩაწვებოდა ქვიშაში, ამოიგანგლებოდა და მასავით ერთობოდა.”

ასტრიდი მამას განსაკუთრებულად უყვარდა. მომავალი მწერალი სკოლაში გამორჩეულ თემებს წერდა და საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ტრადიციული და პატიოსანი ოჯახის შვილი კვირაობით ეკლესიაში საგალობლებს მღეროდა. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მოულოდნელად ასტრიდი 18 წლის ასაკში პატიოსნებითა და წესიერი ცხოვრებით გამორჩეული გოგონა დაფეხმძიმდა. ოჯახს მისი გაგება გაუჭირდა, გოგონა იძულებული გახდა საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადასულიყო, საიდანაც ძმას ხშირად სწერდა წერილებს: “მარტოსული და უბედური ვარ. მარტოსული იმიტომ, რომ ეს რეალურად მართლა ასეა და უბედური იმიტომ რომ პანიკურად მაშინებს მომავალი ზამთარი.”

მწერალმა ყველაფერს გაუძლო და სტოკჰოლმში ვაჟი ლარსი გააჩინა. ქალაქში სამსახური იშოვა, ცოლად სტრუ ლინდგრენს გაყვა და მის გვარზე გადავიდა. მათ გოგონა კარენი შეეძინათ, რომელიც ასტრიდის სამწერლობო ასპარეზის მთავარი ტრამპლინი გახდა.

ერთხელ კარენს ფილტვების ანთება დაემართა. ლოგინში მწოლიარე გოგონამ დედას სთხოვა, პეპიზე მომიყევი ზღაპარი, გრძელ წინდიანზეო. ასტრიდი ვერ მიხვდა, ვინ იყო პეპი, მაგრამ ამბის მოყოლა მაინც დაიწყო. ასე შეიქმნა ყველაზე ცელქი და ონავარი გოგონას ისტორია, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა: “მამაჩემი კანიბალთა მეფეა. ერთ ლამაზ დღესაც მამაჩემი თავისი დიდი გემით მოვა და წამიყვანს და მე კანიბალთა პრინცესა გავხდები.”

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებიდან ბიოგრაფიულ წიგნში გაერთიანდა სახელწოდებით “ბავშვი ჩემში”, სადაც მწერალმა თავისი ცხოვერბა და შემოქმედაბა აღწერა:

“1944 წლის მარტის ერთ თოვლიან საღამოს სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩაზე ვსეირნობდი. ძველი ფეხსაცმელი მეცვა, ტყავიც გაცვეთილი იყო, ამიტომ გაყინულ ასფალტზე სიარული ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ ვიფიქრე, არაფერი მომივა-მეთქი. მოულოდნელად ფეხი დამიცურდა და წავიქეცი. ფეხიც ვიტკინე და ფეხსაცმელიც გადასაგდები გახდა. სწორედ მაშინ ვკითხე ჩემს თავს, ნუთუ არ შეიძლება, იმდენი ფული მქონდეს, რომ ნორმალური ფეხსაცმელი შევიძინო-მეთქი. სახლში მოსულს ერთმა იდეამ გამიელვა თავში, თუმცა ვთვლიდი, რომ ეს სიგიჟე იყო და მის განხორციელებას აზრი არ ჰქონდა. ასეა თუ ისე, იმ წელს 10 წლის კარენს დაბადების დღეზე “პეპი გრძელიწინდას” პირველი ნაბეჭდი ვერსია ვაჩუქე. ერთი ეგზემპლარი კი საგამომცემლო სახლში გავაგზავნე, მაგრამ წარმატების იმედი დიდად არ მქონდა.

საბავშვო ისტორიები ერთფეროვანი სენტიმენტალიზმითა და გულისამაჩუყებელი პერსონაჟებით გამოირჩევიან, ამიტომაც არც მიფიქრია, რომ ახტაჯანა პეპის თავგადასავლებით ვინმე დაინტერესდებოდა. თანაც ნაწარმოებს რედაქტორთან მიწერილი წერილიც მივამაგრე, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ ორი შვილის დედა ვარ. არ მინდოდა, გამომცემელს ეფიქრა, თითქოს ვიღაც მანიაკი ვარ, რომელიც პეპის ტიპის მოთხრობებს წერს ბავშვებისთვის.

პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო. პეპი ის ნაწარმოებია, რომელმაც წერისადმი ჩემი დიდი სიყვარულის ეპოქა გახსნა. სანამ რედაქტორისგან პასუხს ველოდი, მეორე ნაწარმოებიც დავწერე, სახელწოდებით “პატარა მარიას გულისცემა” და “რაბენისა და ჟოგრენის” საგამომცემლო სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გავაგზავნე. გამარჯვების იმედი არ მქონდა. ჩემდა სასიხარულოდ, პირიქით მოხდა. მართალია, პირველმა რედაქტორმა პეპის თავგადასავლები დაიწუნა და დაბეჭდვაზე უარი მითხრა, სამაგიეროდ, “პატარა მარიას გულისცემამ” მეორე ადგილი მოიპოვა და საპატიო ჯილდოც გადმომცეს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის სუსხიანი შემოდგომის საღამო ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. პირველმა წარმატებამ თავისი საქმე გააკეთა, პოპულარობა და სიმდიდრე ნელ-ნელა ჩემკენ შემობრუნდა. მეც მაშინვე ვისარგებლე მომენტით, “პეპის” რედაქტირება გავუკეთე და სხვა, უფრო გავლენიან საგამომცემლო სახლებს გავუგზავნე.

წარმატება გარდაუვალი იყო, ამ პერსონაჟმა არნახული პოპულარობა მოიპოვა. დაიწყო ჩემი სოციალური ცხოვრებაც – აუწერელი რაოდენობით მიწვევები, ჯილდოები, პრიზები, მილიონობით წერილი, ცერემონიალები და ასე შემდეგ. ის კონკურსი უკანასკნელი იყო, რომელზეც პეპი “გავუშვი”, თუმცა ჩემი უკანასკნელი ნამუშევარი ნამდვილად არ ყოფილა. პეპის შემდეგ 50-მდე სხვა პერსონაჟი და მათი ისტორიები გაჩნდა.

მე პატარა ფერმაში, სიყვარულსა და სითბოში გავიზარდე, სადაც უფროსი ძმა თავის უმცროს დაიკოს იცავდა, ტყეში სოკოების დასაკრეფად დაჰყავდა და კენკრის შესაგროვებლად ეკლიან ბუჩქებსაც კი არ ერიდებოდნენ.

ჩემს პატარა სოფელში დღემდე აფასებენ სახლში გამომცხვარ პურს, ხელით ამოყვანილ ყველსა და ზამთრისთვის საგულდაგულოდ შებოლილ ლორს. ულამაზესი მინდვრები, შეუდარებელი ლანდშაფტები და უთვალავი ზღაპრული არსება – სწორედ ისინი იქცნენ ჩემს მუზებად. პეპი, კარლსონი, პატარა მარი, მიო-მიო და სხვები, ყველანი ამ ადგილებიდან წამოვიდნენ. ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ მარტო ბედნიერ ბავშვებზე და არასოდეს ვახსენებ ღარიბ, უპატრონო ბავშვებს. საქმე ის გახლავთ, რომ მე ვწერ იმაზე, რაც ვიცი. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ის ვიღაც, ვინც დაწერს უპატრონო, დაუცველ ბავშვებზე. უმეტესწილად აღფრთოვანებული მშობლების წერილებს ვიღებ, რომლებიც მწერენ, რომ ყველა ნორმალური ბავშვი ნამცხვრის ჭამის დროს ისვრის ტანსაცმელს, ხოლო ნაყინის ჭამისას მთლიანად ითხუპნება. შეიძლება ითქვას, რომ 1946-1980 წლები ყველაზე ნაყოფიერია ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს გამოვეცი საუკეთესო ნაწარმოებები, ამ დროს შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანებს, ამ დროს მოხდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში.

1952 წელს დავქვრივდი და გათხოვებაზე აღარც მიფიქრია. ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა. ბავშვები კი არც თხოვდებიან და არ შვილებს აჩენენ. ჩემი ნაწარმოებების 80 ენაზე თარგმნისა და 200 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ ვთვლი, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ დამრჩა გასაკეთებელი.

ერთხელ ვიღაცამ გამოითვალა, რომ თუ ჩემი წიგნების ყველა ეგზემპლარს ვერტიკალურად დაალაგებენ, 175-ჯერ უფრო მაღალი გამოვა, ვიდრე ეიფელის კოშკია. ამიტომაც ხშირად მიწოდებენ ეიფელზე 175-ჯერ უფრო დიდს. მსგავსი ტიპის კომპლიმენტები თუ შენიშვნები ხანდახან სასიამოვნოა, ხანდახან – არა, მაგრამ მე მსგავს რაღაცეებზე რეაქცია არ მაქვს. დიდება და ფული იყო ის ორი უკანასკნელი სტუმარი, რომელიც ჩემი ცხოვრების ზეიმზე დავპატიჟე.

ხშირად მეკითხებიან, რა შეტყობინება დევს ჩემს წიგნებში, რას ვარიგებ ბავშვებს, რა მინდა, რომ მათ ვასწავლო. როგორც წესი, პასუხი მარტივია – მე არავის არაფერს ვარიგებ და არაფერს ვასწავლი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ დედამიწაზე რამდენიმე ბავშვი მაინც სიამოვნებით წაიკითხავს პეპის ან კარლსონის თავგადასავალს და გულიანად იხალისებს მათთან ერთად. ნაწარმოების შექმნის დროს ჩემი ერთადერთი მრჩეველი ჭეშმარიტებაა. გულიდან უნდა წერდე და ყველაფერი გამოვა. არასოდეს უნდა მოიტყუო. მე ორი შვილის დედა ვარ, 8 შვილიშვილის ბებია და 7 შვილთაშვილის დიდი ბებია. როდესაც ვხედავ, როგორ ხარობენ ჩემი შთამომავლები ჩემივე წიგნებით, უბედნიერესი ვარ.”

უკანასკნელი 40 წელი მწერალმა თავის პატარა ბინაში გაატარა. უკანასკნელი ნაწარმოები, მოკლე პროზაული დეტექტივი, 80 წლის ასაკში, 1987 წელს გამოსცა.

სიკვდილთან დაკავშირებით ის ფიქრობდა: “ცხოვრება ისე უნდა გაატარო, რომ სიკვდილს დაუმეგობრდე და მერე ის თვითონაც შეგიწყალებს”. მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქმაც: “მაპატიეთ, ჯერ ვერ მოვკვდები, სახლი მაქვს დასალაგებელი”.

 

ასტრიდ ლინდგრენი ასტრიდ ლინდგრენი, 95 წლის ასაკში  2002 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა.

მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლო ალბათ სწორედ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვად დარჩენა და სიცოცხლის უზომო სიყვარული გახდა.

 

 მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრებიდან რამდენიმე გამონათქვამს:

***
– “სისულელეა, – წამოიძახა პეპიმ, – როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია ” – “პეპი გრძელიწინდა”.

***
– “დღეს ხომ დაბადების დღე არა გვაქვს, – თქვეს ბავშვებმა.
პეპიმ გაკვირვებულმა შეხედა მათ და თქვა:
– მაგრამ მე მაქვს დაბადების დღე. ნუთუ მე არ შემიძლია საკუთარ თავს იმით მივანიჭო სიამოვნება, რომ საჩუქრები მოგცეთ? იქნებ, თქვენს სახელმძღვანელოებში წერია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება?…” – “პეპი გრძელიწინდა”

***

” მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?
ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა…”
ასტრიდ ლინდგრენი, “პეპი გრძელიწინდა”

***
– “არა, არა, მე ამას არ შევჭამ – ეს რა არის: ერთი ღვეზელი და რვა სანთელი. უკეთესი იქნებოდა –  რვა ღვეზელი… და ერთი სანთელი, აბა, რას იტყვი?
– დამიჯერე, კარლსონ, ბედნიერება ღვეზელში არ არის…” – “სახურავის ბინადარი კარლსონი”.

***
“ხალხმა რომ იცოდეს, რა სასიამოვნოა სახურვებზე სიარული, ქუჩაში აღარავინ ივლიდა,” – “სახურავის ბინადარი კარლსონი”.

***
– “პეპი, უკვე ერთი წელია, რაც აქ ცხოვრობ, – თქვა უცებ ანიკამ.
– ჰო, დრო შეუმჩნევლად გარბის, სიბერე ისე მოგეპარება, ვერც გაიგებ. შემოდგომაზე ათი წელი შემისრულდება, საუკეთესო წლები უკან მოვიტოვე,” – “პეპი გრძელიწინდა.”

 

***
“ჩორვენი წავიდა. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარა, შემობრუნდა:
– ძია მელკერ, იცი, რას გეტყვი?
რადგან ისე ვერ წერ, მე რომ გავიგო, საერთოდ გაანებე წერას თავი”, – “ჩვენც სალტკროკელები ვართ.”

****
–”გიყვარვარ მაინც?..
– აბა რა, მიყვარხარ, სინდისს ვფიცავ! ბევრჯერ ვიმტვრიე თავი სადილის შემდეგ უძილობით გატანჯულმა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ მიყვარხარ, – კარლსონმა ხელი მოუთათუნა ბიჭს ლოყაზე. – მიყვარხარ, მიყვარხარ. ვხვდები კიდეც, რატომ, შენ მე არა მგავხარ პატარა ბიჭო!
კარლსონი მაღლა აიჭრა და ბიჭუნას ხელი დაუქნია.. ” – “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი.”