ვინც მიიჩნევს თავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად, პარტიის გაერთიანებაზე სააკაშვილის ინიციატივას დადებითად გამოეხმაურება და არ დაიწყებს კონტრშეთავაზებების გაკეთებას, რასაც ნიკა მელიას მხრიდან ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
იგი ნიკა მელიას ინიციატივას გამოეხმაურა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც მიიჩნევს თავს ამ პარტიის წევრად, სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ამ ინიციატივას გამოეხმაურება დადებითად და არ დაიწყებს კონტრ შეთავაზებების გაკეთებას, რასაც ვხედავთ ნიკა მელიას მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ეს ერთობის მანიფესტი არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, რათა პაარტია გაერთიანდეს“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პარტიის ახლანდელ მენეჯმენტს უნდობლობას კიდევ ერთხელ უცხადებს. იგი გამოდის ინიციატივით, პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც, მისივე თქმით, გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. მელია „ფეისბუქზე“ წერს, რომ ამ ინიციატივაზე ხელმოწერის საშუალება აქვს ყველას და ხელმოწერა, მისი თქმით, კონფიდენციალურია.