მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციიდან არც ერთი ხმა არ ჰქონდეს იმპიჩმენტს – ჩვენ იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მივიღებთ, დარბაზში არ ვიქნებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში ერთსულოვნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არავინ მიიღებს, თუმცა აზრთა სხვაობაა განხილვაში მონაწილეობის საკითხზე.
წითლიძის განცხადებით, ისინი არც განხილვას დაესწრებიან.
“მთელი ოპოზიციის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა და ამ პოზიციას ბოლომდე დავიცავთ, რომ არ მივიღებთ ამ იმპიჩმენტში მონაწილეობას, ხმას არ მივცემთ იმპიჩმენტს და არ ვიქნებით დარბაზში. აზრთა სხვაობა იყო ოპოზიციაში განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იყო ოპოზიციურ პარტიებში იდეა, რომ განხილვაში მიგვეღო მონაწილეობა, შემდეგ კენჭისყრისას ყველას, ოპოზიციას ერთად დაგვეტოვებინა დარბაზი, ამაზე იყო აზრთა სხვაობა, თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ კენჭისყრაში არ მიგვეღო მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, მნიშვნელოვანი საკითხი განხილვაში ვინმე მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციიდან არც ერთი ხმა არ უნდა ჰქონდეს იმპიჩმენტს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის არის და თავიდანვე იყო ასეთი, რომ განხილვაშიც არ მიგვეღო მონაწილეობა”, – განაცხადა წითლიძემ.