“გაკოტრებულ პარტიებს მომავალი არ აქვთ”- ამირან სალუქვაძე

84
spot_img

IRI-ს კვლევებს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე ეხმაურება:

“IRI-ს ე.წ. კვლევაზე, დამატებით რამდენიმე კითხვას დავამატებ:

1. ამ და სხვა კვლევებში წლებია მანიპულირებენ პატრიარქის, ეკლესიის, ჯარის, პოლიციის სხვა რეიტინგული ინსტიტუტებით. ანუ, ამ სიმართლესთან ერთად, კვლევაში დიდი დოზით აზავებენ სიცრუეს. მოსახლეობას ასე პრიმიტიულებად თვლით?

2. პატრიარქის რეიტინგი 91%-ს შეადგენს. ეკლესიაც მაგ ფარგლებშია. ნაციონალები ეკლესიას უტევენ, ლანძღავენ, პრორუსულობას აბრალებენ. იმავეს აბრალებენ ქართულ ოცნებასაც. ამ დროს, სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ, ყველა კვლევით, ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი იმატებს. ამ კვლევით ლამის 80%-ს შეადგენს.

ჰოდა, მთელი 10 წლის მანძილზე როგორ ვერ მოახერხა ოცნებამ და ეკლესიამ მოსახლეობის გაპრორუსულება? ჰქონდათ სურვილი და ვერ მოახერხეს? სასაცილოა. მხოლოდ ფან-კლუბს აბოლებენ მსგავსი სისულელეებით.

3. მთავარი ისაა, რომ ოპოზიცია არ არსებობს, განადგურებულია. გათითოკაცებული პარტიები, პლუს პაჩიკოს გარმონივით დაშლილი ნაცმოძრაობა.

კვლევაში სულ 15 პარტიაა ნახსენები, ქართული ოცნება, ენმ და პლუს 13 პარტია, რომლებიც სოციოლოგიური ცდომილების ჭაობში იმყოფებიან.

არ ვიცი მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა, სადაც მსგავსად გამარგინალებული პოლიტიკური სისტემა იყოს.
15-დან 13 პარტიის რეიტინგი 1-დან 3%-მდე შუალედშია. ამათ აქვთ სურვილი ყველამ ერთად შეკრას კოალიცია.
არ ვიცი უკვე რამდენჯერ უნდა დავწერო ამ ანა-ბანას შესახებ. კოალიციები არ იკვრება რომელიმე პარტიის წინააღმდეგ. პარტიები სამთავრობო კოალიციას ქმნიან ღირებულებების, საარჩევნო დაპირებების, პაეტიული იდეოლოგიების მიხედვით.

ჩვენთან უკვე 10 წელია ხან ფანჩატურში შედიან, მერე გამოდიან, ხან ენმ-ის ოფისში და ა.შ. 10 წელია მოქმედებენ ნაცმოძრაობის დღის წესრიგით. შედეგი ისაა, რომ ყველა პარტია განადგურებულია, ნაცმოძრაობა სტაბილურად მეორე ადგილზეა.

რომც მოახერხონ კოალიციის შეკვრა 2024-ში, 2028-ში ან საუკუნის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, 13 ან 14 პარტიისგან შემდგარი მთავრობა ქმედითუნარიანი იქნება? ჯერ სიას გადახედეთ, შემდეგ ესენი ერთ მთავრობაში წარმოიდგინეთ.

გაკოტრებულ პარტიებს მომავალი არ აქვთ. მხოლოდ სრული განახლება. “ნაცმოძრაობაზე” კი საუბარი არც ღირს. მათ ჯერ წარსული ვერ გაიაზრეს, ახლა კი ერთმანეთს დაერივნენ.

ამ ოპოზიციას ანდობთ ქვეყნის კი არა, თუნდაც ერთი სოფლის ბედს? რევანშის და შურისძიების ახალი ტალღის სურვილი აქვს მოსახლეობას?

4. მოსახლეობას როცა კორუფცია არ აწუხებს, ეს რას ნიშნავს? როცა აწუხებს, ვიცით, რევოლუციებს იწვევს. როცა მოსახლეობის 1%-ს აწუხებს, მაშინ რა ხდება?

5. უცხო ქვეყნის მოქალაქე და პატიმარი სააკაშვილი რატომ მიაწერეთ ნაცმოძრაობას?

6. მთავარი კითხვა კვლევის შემკვეთებს და შემსრულებლებს. ნაცმოძრაობის რეიტინგის მატება მელიას ხაბეიშვილით ჩანაცვლებით მოხდა, თუ ხატია დეკანოიძის, გოცირიძის და სხვათა მიერ პარტიის დატოვებამ განაპირობა? იქნებ მოსახლეობას კეზერაშვილის და მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობა მოსწონს, რაც გააქტიურდა ბოლო თვეებში და ამან გამოიწვია პარტიის მოწონების ზრდა? დასცინით ხალხს, თუ საკუთარ თავს?”- წერს ამირან სალუქვაძე.