“შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც ჩუგოშვილს და მათმა პოზიციამ შეიძლება ახალი პრაქტიკა მოგვცეს” – მამუკა მდინარაძე

230
spot_img

შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც ჩუგოშვილს და მათმა პოზიციამ შეიძლება ახალი პრაქტიკა მოგვცეს – თუკი პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს ქვეყნის შიგნით, დიახ, ამას ასევე სჭირდება თანხმობა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი აქამდეც ქმნიდა პრობლემებს, თუმცა, ამაზე მკაცრი დამოკიდებულება არ ჰქონდათ მანამ, სანამ წითელი ხაზები არ გადაკვეთა.

„სხვათა შორის, ამაზე შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც (თამარ ჩუგოშვილს). წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კონსტიტუციის თანახმად, სჭირდება მთავრობის თანხმობა, დიახ, ქვეყნის შიგნითაც. აქამდე ქვეყნის გარეთ ის ითხოვდა, ქვეყნის შიგნით არც ითხოვდა! დიახ, მათმა პოზიციამ, რომელიც ერთ ნაწილში იყო ოდნავ რელევანტური, შეიძლება ახალი პრაქტიკა მოგვცეს, რომ თუკი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს ქვეყნის შიგნით, დიახ, ამას ასევე სჭირდება თანხმობა. ეს გუნდთან ნამდვილად არ გამივლია, მე როგორ ერთი იურისტი, ასე მიმაჩნია, არ ვიცი, შეიძლება სხვა პოზიცია წარადგინონ ჩვენებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ არ მგონია. დიახ, მას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება თანხმობა, ყოველ შემთხვევაში ასე წერია კონსტიტუციაში. აქამდე თუ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, იმასაც კი არ აქცევდა ვინმე ყურადღებას, თუ რა პოზიციები ჰქონდა, ლოიალური, რბილი დამოკიდებულება ჰქონდა მთავრობას, რომ პოლარიზაცია არ გაღრმავებულიყო, შეიძლება ახლა ჩვენ დავდოთ პრეცედენტი, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ფორმას, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, სჭირდება თანხმობა.

აქამდე არ იყო მკაცრი დამოკიდებულება, ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ ფორმალურად ახორციელებთ რეკომენდაციებსო, ამის შემდეგაც კი მისცეს თანხმობა უცხო ქვეყნებთან წარმოედგინა საქართველოს პოზიცია, მაგრამ როცა ეს პოზიციები არ შეცვალა, როცა რუბიკონი, ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ამის შემდეგ იმოქმედა მთავრობამ. წლების განმავლობაში ის პრობლემებს ქმნიდა ელჩების დანიშვნაზე, ვატარებდით, ატარებდა ამას მთავრობა, რაღაც ეტაპზე გადაწყდა, რომ მოდით, ეს აღარ გავატაროთ. ეს ეტაპია, როცა მოთმინების ძაფი წყდება, როცა ზიანდება სახელმწიფოს ინტერესები, როცა ევროპული ინტეგრაცია ზიანდება, ელჩები არ არიან წარმოდგენილნი და ურთიერთობები ზიანდება, “- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლებს უსუსური არგუმენტები ჰქონდათ.

„შეუძლებელია ვინმემ იდავოს დაარღვია თუ არა. მოდით, კვალიფიკაციას ნუ დავუწუნებთ თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს, მაგრამ ისეთი საოცრებების ლაპარაკი მოუწიათ, რომ საზოგადოებაც, ყველაზე ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდებოდა, რომ ასეთი გიჟური, უსუსური, არარეალური არგუმენტების ფონზე ყველაფერი ნათელი და გასაგებია“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან.

„წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს. მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.