“სავალუტო ფონდის გასვლა უკვე დამდგარ ფაქტად და აპოკალიფსად არის წარმოსახული” – გიორგი ცუცქირიძე

451
spot_img
არ წყდება სპეკულაციები ეროვნული ბანკის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ აჟიოტჟიც ჩაცხრა სავალუტო ბაზარზე და კურსიც დასტაბილურდა, თავდაპირველი რყევის შემდეგ. ამჯერად სპეკულაციის მორიგ თემად ოპოზიციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული თანამშრომლობის საკითხი წამოწია და როგორც ჩვევიათ ტყუილ-სიმართლის ნაზავით არის წარმოდგენილი, – წერს “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.
მისი განმარტებით, სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის დროებით შეჩერება, ჯერ ნათია თურნავას 19 სექტემბრის ბრძანებას მიაბეს და ახლა ისე სურთ წარმოაჩინონ თითქოს სავალუტო ფონდი სებ-ში შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო აპირებდეს საქართველოდან გასვლას, ბუნებრივია ამის თანმდევი შედეგებით.
“სავალუტო ფონდის გასვლა ლამის უკვე უკვე დამდგარ ფაქტად და აპოკალიფსად არის წარმოსახული. რასაც მოყვება საბანკო და მთლიანად ფინანსური ბაზრის კრიზისი, ხოლო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ვარდნის გამო, კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ და გაუძვირდებათ საერთაშორისო ბაზრებიდან რესურსების მოზიდვა, რაც თავის მხრივ გააძვირებს რა საბანკო კრედიტებს, ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, ბიუჯეტზე და ა.შ.
ამ დროს, რეალურად საუბარია არა სსფ-ის ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე, არამედ დროებით შეჩერებაზე, კიდევ უფრო რომ დავაზუსტო პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადებაზე, რაც ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ივლისში. სსფ-ის ეს გადაწყვეტილება კი დაკავშირებული იყო ზაფხულში ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამას არანაირი კავშირი არა აქვს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან. მით უმეტეს თავად სავალუტო ფონდს არანაირი განცხადება საქართველოში პროგრამის შეწყვეტაზე არ გაუკეთებია.
აქვე დავამატებ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მოვისმინეთ ელჩის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის პოზიტიური შეფასება, და სურვილი სსფ-ის დროებით შეჩერებული პროგრამის მეორე მიმოხილვის განახლებაზე! აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სავალუტო ფონდთანაც, პროგრამის გაგრძელებაზე და ვფიქრობ, თავად სავალუტო ფონდისათვისაც არანაკლებად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იყოს საქართველოში!
აქვე დავამატებდი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. ამასთან, სსფ-ის ყველა ბოლო შეფასებით განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური პერიოდის შეფასებისას, მათ შორის 11 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში ერთობლივი ბრიფინზე ცალსახად იყო აღნიშნული ის დიდი პროგრესი რაც ქვეყანამ პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა უმოკლეს ვადაში შეძლო. მოგეხსენებათ, ბოლო ორი წელია გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზრდის მაღალი ტემპი მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია, ხოლო ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორი არის მკვეთრად გაუმჯობესებული, იქნება ეს სახელმწიფო ვალი, ბიუჯეტის დეფიციტი თუ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები”, – წერს ცუცქირიძე.