„ზელენსკი სერიოზული სირთულის წინაშე დგას” – რას წერს ბრიტანული პრესა

613
spot_img

ბრიტანულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „სფექთეითორმა“ (The Spectator) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი სერიოზული სირთულის წინაშე დგას: შეძლებს თუ არა იგი უკრაინელთა მაღალი სულისკვეთების შენარჩუნებას ისე, რომ დასავლეთი არ გააღიზიანოს?“ (ავტორი – სერგეი რადჩენკო, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

კიევსა და ვარშავას შორის ამას წინათ მომხდარი შელაპარაკება მარცვლეულთან დაკავშირებით – უკრაინამ პოლონეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) უჩივლა – ძალიან ცუდ დროს დაემთხვა. ჩვეულებრივად, ასეთი სახის უთანხმოებები მშვიდად და დიდი ხმაურის გარეშე წყდება ხოლმე, მაგრამ ომის პირობებში, როცა სასიკვდილო საფრთხე არსებობს, მოკავშირეებს შორის გაჩენილი უთანხმოება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

პოლონეთის მმართველი პარტიისათვის (PiS – Prawo i Sprawiedliwość – „სამართალი და სამართლიანობა“) უკრაინული მარცვლეულის ქვეყნის შიდა ბაზარზე შეტანა და გაყიდვა წინასაარჩევნო საკითხად ითვლება. იმის გათვალისწინებით, რომ 15 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პოლონელმა „სიმართლის მოყვარულებმა“ შეიძლება წააგონ, პარტიულ  პოპულისტებს სურთ თავიანთი სოფლელი ამომრჩევლები – ფერმერები (PiS-ის მთავარი ბაზა) დაამშვიდონ და უცხადებენ, რომ ისინი მათ უცხოური მარცვლეულისაგან დაიცავენ. ვარშავისა და კიევის დავა-კამათმა გაეროს ტრიბუნაზე გადაინაცვლა: უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკაზე მისმა პოლონელმა კოლეგამ ანჯეი დუდამ მეზობელი ქვეყანა ისეთ ადამიანს შეადარა, რომელიც იძირება, იხრჩობა და მშველელიც თან მიჰყავს.

პოლონეთი, რუსეთის არმიის შეჭრის დღიდანვე, უკრაინას მხარს უყოყმანოდ და მტკიცედ უჭერს, აწოდებს იარაღს და საბრძოლო მასალებს. ვარშავა ახლაც არ ამბობს უარს მხარდაჭერაზე, მაგრამ ყურადღებიანი დამკვირვებლები ამჩნევენ იმას, რომ პოლონეთი აშკარად გაღიზიანებულია და გარკვეულწილად გულგატეხილიც – პოლონელები ნამდვილად არ ელოდნენ უკრაინელთა ასეთ ნაბიჯს – WTO-ში ჩივილს და დავის გაეროს გენასამბლეაზე გამოტანას: „ჩვენ ამდენი რამ გავაკეთეთ თქვენთვის და აი, როგორ გვიფასებთ ზრუნვას – ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გვიჩივით?“. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ არ გამორიცხა, რომ ვარშავა კიევს საბრძოლო მასალებით დახმარებას შეუმცირებს. იმდენად, რამდენადაც რუსეთ-უკრაინის ომს გრძელვადიანი გაჭიანურებისა და გამოფიტვის პერსპექტივა აქვს, საკვანძო მოკავშირის ასეთი გამონათქვამები ძალიან შემაშფოთებელია.

მოკლედ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერიოზული სირთულის წინაშე დგას.

ერთი მხრივ, მისმა განცხადებებმა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლია, დასავლელების გული და გონება დაიპყრო და უკრაინელების მხარდამჭერად განაწყო. მსხვერპლის სახით უკრაინის წარმოჩენა ვოლოდიმირ ზელენსკის იმაში დაეხმარა, რომ მტკიცე პოლიტიკური და საკმაოდ დიდი მოცულობით – ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება მიეღო. მაგრამ ყველაზე მთავარს მაინც სამხედრო დახმარების გაწევა წარმოადგენს. ბუნებრივია, უკრაინისა და დასავლური მასმედიის საშუალებებით გავრცელებულმა ნგრევის, სიკვდილის, ტანჯვისა და ლტოლვილების მწარე მდგომარეობის ამსახველმა მასალებმა ყველას გულებში მორალური გულისწყრომა გამოიწვია და ქველმოქმედების გაწევის სურვილით აღავსო. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, არსებობს დაუწერელი კანონი, რომ დახმარების მიმღებმა მხარემ მადლობა უნდა უთხრას სიკეთის მთესველ ქველმოქმედს. და ამ დროს უკრაინა თავის მოკავშირე პოლონეთს WTO-ში უჩივის… ასეთი ქცევა კიევის იმიჯისათვის დადებითი ნამდვილად არ არის და უფრო ზიანის მომტანია.

მეორე მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი შეეცადა დასავლეთისთვის მოვლენების სხვა ვერსია „მიეყიდა“: „უკრაინა, რომელიც მოსკოვთან ომშია ჩაბმული, დახმარების მთხოვნელის როლში კი არ გამოდის, არამედ ევროპის, დასავლეთის და მთელი მსოფლიოს  გადამრჩენელია რუსული ბოროტებისაგან. უკრაინა თქვენთვის – დასავლეთის თავისუფლებისათვის სისხლს ღვრის, ამიტომაც კეთილი ინებეთ და მადლობა უკრაინას გადაუხადეთ და არა პირიქით“. ანუ ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, უკრაინისადმი დასავლეთის დახმარება ქველმოქმედება კი არ არის, არამედ მოვალეობა. – დასავლეთმა კიევს არა მარტო ყველაფერი უნდა მისცეს პირველი მოთხოვნისთანავე, არამედ ეს უნდა გააკეთოს თავდახრით და ზედ მადლობაც მიაყოლოს რუსეთთან ომში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისათვის.

რა თქმა უნდა, ასეთი ნარატივი ქვეყნის შიგნით ვოლოდიმირ ზელენსკის სასარგებლოდ მოქმედებს. უკრაინელთა მორალური სულის ასამაღლებლად უკეთესია, რომ ქვეყანა ფეხზე მყარად იდგეს და ამაყად იხედებოდეს, ვიდრე დასავლეთის თვალში ისეთი გაუბედურებული ნათესავივით გამოიყურებოდეს, რომელიც ლუკმა-პურს უცხოელების დახმარებით შოულობს და ძლივ-ძლივობით არსებობს. მაგრამ არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ გადაჭარბებულ სიამაყესა და ქედმაღლობაში საფრთხე იმალება: ასეთი მოქმედება შეიძლება მოკავშირეებისათვის გაღიზიანების წყაროდ იქცეს – ისინი, ცხადია, უკრაინის დახმარებას მთლიანად არ შეწყვეტენ, მაგრამ შესაძლოა არ მოეწონოთ, რომ კიევი მათ ქცევის წესებს ასწავლის და ნოტაცია-ლექციებს უკითხავს.

რა თქმა უნდა, რუსები, უეჭველია, ასეთ დავა-კამათს და შეხლა-შემოხლას თვალს ადევნებენ. უკრაინის მიმართ ვლადიმერ პუტინის გრძელვადიანი თამაში იმაში გამოიხატება, რომ მას იმედი აქვს – დადგება დრო და დასავლეთი უკრაინისაგან პირს იბრუნებს, გულუხვად აღარ დაეხმარება. კრემლი სათავისოდ გამოიყენებს ურთიერთობის გაურესებას უკრაინისა და მის დასავლელი მფარველებს შორის, რაც გულისხმობს, რომ რუსეთი თავიდანვე მართალი დასავლეთთან მიმართებით: აშშ და ევროპა მერყეობს, მათ ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი სიმტკიცე არ გააჩნიათ. ვლადიმერ პუტინი გახარებული იქნება ბრიუსელსა და ვარშავას შორის გაჩენილი უთანხმოებით – პირველმა უკრაინული ხორბლის გაყიდვა ევროკავშირის ყველა ქვეყნის შიდა ბაზარზე დაუშვა, მაგრამ მეორემ, რომლისთვისაც ბრიუსელის გადაწყვეტილება კანონი უნდა იყოს, ხორბლის გაყიდვა თავის საკუთარ ბაზარზე თავხედურად აკრძალა. მოსკოვს იმედი აქვს, რომ რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ომი, მით მეტი იქნება დაღლილობა და უთანხმოებები.

უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსების ამოცანა იმაშია, რომ მათ დაამტკიცონ – ვლადიმერ პუტინი თავის გათვლებში შეცდომას უშვებს. ამისათვის აუცილებელია მუდმივად ტაქტის გამოჩენა, დიდი მოთმინება და იმის გაცნობიერება, რომ საკითხი იმის გარკვევა კი არაა, თუ ვინ რამდენად არის მოვალე, არამედ ისაა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ერთად რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად. ამისათვის [უკრაინამ] უსარგებლო ზედმეტი პოზიორობა შეწყვიტოს და მავნე რიტორიკა შეარბილოს. ცხადია, იგივენაირად უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა ანჯეი დუდამაც. უკრაინისა და პოლონეთისათვის ყველაზე საუკეთესო მეტაფორა ისაა, რომ ორივე ერთ ნავში აღმოჩნდნენ. ახლა სწორედ ის დრო მოვიდა, რომ ორივემ უნისონში ნიჩბების მოსმა ისწავლონ.

წყარო