„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე „პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობს“.
კალაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები „ძალიან მძიმე და ცუდია“.
„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელ სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას უნდა იცავდეს და ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე და ცუდია“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ, „ქვეყნის პრეზიდენტი როგორ მოქმედებს კონსტიტუციასთან ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით“.
„რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს რეალურად, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, როგორ მოქმედებს ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.
ასევე, კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რის თანახმადაც საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ქონება თავის შვილს გადაუფორმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძე ამბობს, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, პიროვნება ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებით, სავარაუდოდ, არ იზღუდება.
„პირველ რიგში, ახსნა-განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, რომ ჩვენ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფოებრიობას, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. რაც შეეხება, ფარცხალაძის მიერ ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებას, მე იურისტი არა ვარ, შეიძლება გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა ერთი რამ როგორც ვიცი და ამას არ ვიჩემებ, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები ამას არ ზღუდავს – ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებას.
ფარცხალაძე არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, სანქციები გავრცელდება და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში. რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე შესაბამისი უწყებები განცხადებებს გააკეთებს, კერძოდ, ვინც ჩემზე უკეთ იცნობს აღნიშნულ საქმეს, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, მე პოლიტიკოსი და დედაქალაქის მერი ვარ და ამ სიღრმეებზე ინფორმაციას ცხადია, არ ვფლობ“, – განაცხადა კალაძემ.