“14 მაისის არჩევნები ყველაზე მწვავე და დაძაბული იქნება რეჯეფ ერდოღანისთვის” – რას წერს უცხოური პრესა

81
spot_img

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნები – თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2023 წელს“ (ავტორი – ნექტარია სტამული), რომელშიც გაანალიზებულია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

თურქეთის პრეზიდენტისათვის – რეჯეფ თაიპ ერდოღანისათვის არჩევნებს, რომლებიც 14 მაისს უნდა ჩატარდეს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ახლოვდება ასი წლისთავი პირველი საერო რესპუბლიკის შექმნიდან, რომელსაც პრეზიდენტი მუსტაფა ქემალ ათა-თურქი („თურქთა მამა“) ხელმძღანელობდა და თუ ისევ რეჯეფ ერდოღანი გაიმარჯვებს, ის მიიღებს მანდატს უფრო აქტიურად გააგრძელოს 85 მილიონიანი ქვეყნის განვითარების გეოსტრატეგიული კურსი. დასავლეთში შიშობენ, რომ პრეზიდენტი, თავისი გაფართოებული უფლებამოსილებით, სამომავლოდ დააჩქარებს თურქულ სახელმწიფოს გადაქცევას რელიგიურ, კონსერვატიულ ქვეყნად.

არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისთვისაც: ვისაც პრეზიდენტად აირჩვენ, მასზე იქნება დამოკიდებული თურქეთის როლი ნატოში, ურთიერთობა აშშ-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან, პოზიცია უკრაინის ომის მიმართ, მიგრაციული პოლიტიკა, სიტუაცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

მოსალოდნელია, რომ 14 მაისის არჩევნები ყველაზე მწვავე და დაძაბული იქნება რეჯეფ ერდოღანის მმართველობის 20 წლის განმავლობაში – მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თანაც კატასტროფული შედეგების გამომწვევი მიწისძვრის შემდეგ.

რეჯეფ ერდოღანი წინ უნდა აღუდგეს ოპოზიციას, რომელსაც ქემალ ქილიჩდაროღლუ ხელმძღვანელობს – „თურქი განდი“ – და რომელიც ქვეყნის მოსახლეობას დიდ გარდაქმნებს პირდება. ბოლო გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს გაუსწრო, მაგრამ რეჯეფ ერდოღანი საარჩევნო ბრძოლებში გამოწრთობილი პოლიტიკოსს წარმოადგენს, მის ხელშია  სახელმწიფოს მართვის ბერკეტები და მთელი სახელისუფლო ინსტიტუტები.

„თუ ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს, მოხდება გადასვლა ავტორიტარული ერთპიროვნული მმართველობიდან გუნდურ მუშაობაზე, რაც დემოკრატიული განვითარების პროცესს უზრუნველყოფს“, – ასეთ კომენტარს უკეთებს სამომავლო არჩევნების სავარაუდო შედეგებს უნალ ჩევიკოზი – ქემალ ქილიჩდაროღლუს მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში.

ოპოზიციას იმედი აქვს, რომ შეძლებს ევროკავშირში თურქეთში გაწვრიანების პროცესის „გამოცოცხლებას“, რომელიც ჩიხში ჯერ კიდევ 2018 წელს შევიდა – ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კურსიდან გადახვევის გამო, როცა შეჩერდა ლიბერალური რეფორმების გატარება, სასამართლოს დეპოლიტიზაციის პროცესი და შეიზღუდა მასმედიის თავისუფლება.

ოპოზიციური ბანაკი ასევე აცხადებს, რომ შეასრულებს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ორი ცნობილი ადამიანის – პროქურთული დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სელაჰატინ დემირთაშისა და უფლებადამცველ ოსმალ კავალის – საპყრობილედან გათავისუფლებას ითვალისწინებს. „ეს იქნება ნიშანი ჩვენი ევროპული მოკავშირეებისათვის და დასავლეთისათვის, რომ თურქეთი დემოკრატიის გზას უბრუნდება“, – განმარტავს უნალ ჩევიკოზი.

„მაგრამ შეწყვეტილი მოლაპარაკების განახლება ევროკავშირში გასაწევრიანებლად ახალი პრეზიდენტისა და მისი გუნდისათვის იოლი არ იქნება: თურქეთის პოლიტიკურ სპექტრში ანტიდასავლური განწყობა ძალიან ძლიერია“, – თვლის ვოლფგანო პიკოლი, რისკების ანალიზის შემსწავლელი კომპანიის Teneo-ს თანადამფუძნებელი. მისი აზრით, საგარეო პოლიტიკა დამოკიდებული იქნება ახალი სავარაუდო კოალიციური ხელისუფლების სიმტკიცეზე – ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ იმის გარდა, რომ ყველას რეჯეფ ერდოღანის დამხობა სურს. თანაც საშინაო პრობლემები იმდენია, რომ შეიძლება მათ საგარეო პრობლემები დაჩრდილონ.

თავის მხრივ არც ევროკავშირი არ არის მზად თურქეთის მიღებაზე იფიქროს – განსაკუთრებით გარკვეული ქვეყნების ჯგუფი, პირველ რიგში კი საფრანგეთი და ავსტრია, რომლებიც მკვეთრად არიან განწყობილნი მოლაპარაკების განახლების წინააღმდეგ. „ისინი მტკიცედ თვლიან, რომ თურქეთი თავის კურსს ატარებს, რომელიც არანაირად არ ეთანხმება საერთოევროპულ საგარეოპოლიტიკურ პრინციპებს, – ამბობს ასლი აიდინტაშბაში, ბრუკინგის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, – თუ ოპოზიცია შეძლებს და მთავრობას ჩამოაყალიბებს, გასაგებია, რომ ის პროევროპულ კურსს გამოაცხადებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რითი უპასუხებს მას ევროპა – იქნება ეს გაწევრიანება თუ უსაფრთხოების ახალი ჩარჩოები, რომელშიც თურქეთი იქნება ჩართული“.

„აშკარაა, რომ თავის დროზე ორივე მხარე – ევროკავშირიც და თურქეთიც – ერთმანეთით იმედგაცრუებული დარჩა“, – აღნიშნავს ყოფილი თურქი დიპლომატი სინან ულგენი, კარნეგის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – ანკარამ და ბრიუსელმა ვერ მოახერხეს ერთნაირი მიდგომების შემუშავება საბაჟო და სავიზო რეჟიმის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, მიგრაციის მიმართ.

უნალ ჩევიკოზის თქმით, პრეზიდენტისა და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში სახელმწიფოს ახალი მეთაური და მთავრობა გადახედავს ევროკავშირთან ამჟამად მოქმედ 2016 წლის ხელშეკრულებას მიგრაციასთან დაკავშირებით. „ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა  უნდა შეიცვალოს. ევროპელები თურქეთს იმ „აუზად“ განიხილავენ, რომელშიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები შეიძლება „დააგროვო“. თურქეთი ასეთ სიტუაციას მეტად ვეღარ მოითმენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზღვრები გავაღებთ და ჩვენთან თავმოყრილ მიგრანტებს ევროპისაკენ გავუშვებთ, მაგრამ საერთო მიგრაციული პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია“.

წინასაარჩევნო კამპანიისათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს თურქეთის დამოკიდებულება აშშ-სთან და ნატოსთან. ამას წინათ ანკარამ მოხსნა ანტიფინური ვეტო და ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ამ მხრივ შვედეთსაც აღარ ექნება რაიმე წინააღმდეგობა.

თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა 2019 წელს, როცა ანკარამ რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 შეიძინა. ვაშინგტონის აზრით, რუსული იარაღი პოტენციურად საფრთხეს უქმნის თურქეთის საჰაერო სივრცეში მყოფ ამერიკულ თვითმფრინავებს. „რუსული სამხედრო გადახრის“ გამო აშშ-მა თურქეთი ავიაგამანადგურებელ „ფანტომ-35“-ის (F-35) პროგრამიდან გარიცხა და ანკარას რიგი სანქციები დაუწესა.

ამას წინათ ქემალ ქილიჩდაროღლუ ანკარაში აკრედიტებულ აშშ-ის ელჩს ჯეფრი ფლეიკს შეხვდა. ამ ფაქტმა პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი პირდაპირ „გააცოფა“ და ამერიკელი დიპლომატის მოქმედება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად და წინასაარჩევნო პროცესის „ხელშემშლელად“ შეაფასა. „ელჩს ვაფრთხილებთ, რომ მას კარს დავუხურავთ… შეერთებულ შტატებს ამ არჩევნებით გაკვეთილი უნდა ჩავუტაროთ“, – თქვა განრისხებულმა რეჯეფ ერდოღანმა.

შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტია თურქეთის ურთიერთობა რუსეთთან უკრაინის კონფლიქტის ფონზე. როგორც ცნობილია, ომის დაწყების დროს ანკარამ შუალედური პოზიცია აირჩია – ერთი მხრივ, თურქეთი იარაღს აწვდის უკრაინას (ცნობილი დრონების „ბაირაქტრების“ სახით), მეორე მხრივ, უარს აცხადებს რუსეთის საწინააღმდეგო დასავლური სანქციებისადმი მიერთებაზე. იმავდროულად ანკარა, გაეროსთან ეგიდით, შუამავლად გამოდის უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხში, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში, რუსეთთან წინასწარი შეთანხმებით, „უსაფრთხო დერეფნით“ ხორციელდება.

ხაზს უსვამს რა რუსეთთან თავის სტრატეგიულ დამოკიდებულებას, რეჯეფ ერდოღანი ვარაუდობს, რომ თურქეთი შეიძლება ნატოს ის ერთადერთი წევრი-ქვეყანა იყოს, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, 27 აპრილს ეწვევა – რუსული სახელმწიფო კომპანიის „როსატომის“ მიერ აგებული ატომური ელექსტროსადგურის საზეიმოდ გახსნის დროს.

უნალ ჩევიკოზის თქმით, თურქეთი, რასაკვირველია, ქემალ ქილიჩდაროღლუს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შუამავლობის კურსს გააგრძელებს და უკრაინას დაეხმარება, მაგრამ აქცენტს მკვეთრად გააკეთებს დასავლეთისკენ – ისე, როგორც ნატოს წევრს შეეფერება: „ჩვენ ამით ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტს, რომ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია და რუსეთს შევახსენებთ, ვისთან აქვს საქმე“, – განმარტავს პრეზიდენტობის კანდიდატის მრჩეველი.

„ყველა ხედავს, რომ დღეს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას ბევრად განსაზღვრავს ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ ერდოღანის დამოკიდებულება ერთმანეთთან. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, – ასე თვლის ყოფილი თურქი დიპლომატი სინან ულგენი. „არცერთ თურქ ლიდერს არ ჰქონია მსგავსი ახლო ურთიერთობა რუსეთის მმართველებთან. ვფიქრობ, რომ რუსეთთან დამოკიდებულება დისტანცირებული უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ანკარა ანტირუსულ სანქციებს უნდა შეუერთდეს, მაგრამ ურთიერთობა გამჭვირვალე უნდა გახდეს“.

თურქეთის არჩევნებს უკავშირდება სირიის საკითხიც: როგორც ცნობილია, თურქეთში ასობით ათასი სირიელი მიგრანტია თავმოყრილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სირიელ მიგრანტებს უკან, სირიაში დააბრუნებს – „ჩვენ სირიასთან კავშირებს აღვადგენთ და დამასკოს ეკონომიკის აღდგენაში დავეხმარებით, ანუ შევქმნით მიგრანტებისა და ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების საფუძველს“, – ამბობს უნალ ჩევიკოზი.

მაგრამ ანალიტიკოსი ვოლფანგო პიკოლი დარწმუნებულია, რომ სირიელების ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ლაპარაკი იმას ჰგავს, როცა „სასურველის სინამდვილედ წარმოჩენა“ ხდება. „სირიელები თურქეთში უკვე ათ წელზე მეტია ცხოვრობენ, მათი შვილები თურქულ სკოლებში სწავლობენ… განა ასე ადვილია ნებაყოფლობით სირიელების უკან დაბრუნება? ოპოზიციის ეს დაპირება ძალიან საეჭვოდ გამოიყურება და არა მგონია შესრულდეს“.

თურქეთისა და საბერძნეთის – ნატოს წევრი ქვეყნების – ერთმანეთთან საკმაოდ არასასიამოვნო დამოკიდებულება ყველასათვის ცნობილია, თუმცა ბოლო დროს ანკარასა და ათენს შორის მორიგი დათბობის მოწმენი ვართ: თურქეთი თანახმაა ხმა მისცეს საბერძნეთს  გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის ადგილი დაიკავების საკითხში, ხოლო თავის მხრივ, საბერძნეთი მხარს დაუჭერს თურქეთის კანდიდატურას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელად.

დათბობის კიდევ ერთი ნიშანია ორი მეზობელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ნიკოს პანატიოგოპულოსისა და ჰულუსი აკარის შეხვედრა ანკარაში. მოლაპარაკების შემდეგ გაკეთდა „იმედისმომცემი“ განცხადებები ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების „მეგობრობის ზღვებად“ გადაქცევის თაობაზე. თურქეთი და საბერძნეთი აპირებენ ეგეოსის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე დროებითი მორატორიუმი დააწესონ.

„საინტერესოა, რომ მაისში ორივე ქვეყანაში არჩევნები, სავარაუდოდ, ერთსა და იმავე დღეს უნდა ჩატარდეს, რაც ანკარისა და ათენისათვის ახალ ჰორიზონტებს ხსნის“, – ამბობს უნალ ჩევიკოზი. მისი აზრით, ამით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამჟამად შექმნილი დაძაბული სიტუაცია, კონტინენტური შელფის გამოყენებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად განეიტრალდება.

ყოფილი თურქი დიპლომატის სინან ულგენის თქმით, „კვიპროსის პრობლემის მიმართ ანკარის ნეგატიური მიდგომა პოზიტიურად შეიცვლება. აგრესიულ ტონს უფრო ლოიალური ჩაანაცვლებს, რაც საშუალებას მისცემს ორივე მეზობელს უთანხმოებისა და დავების გადაწყვეტაში დიპლომატიურ სტილს დაუბრუნდნენ“.

წყარო