საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას გამოხატავს ახალი წევრებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნობრივი თარიღის დადგენაზე. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ბორელმა ესპანეთში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი, თანაც – სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გაფართოების პროცესის დაჩქარების გვერდითი ეფექტი მოჰყვა, რაც აშკარად დამსახურებაზე დამყარებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო ამას გააკეთებს, გაწევრიანდება მაშინ, როდესაც ყველა პირობას შეასრულებს, მაგრამ ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დაფიქსირება, რათა ბიძგი მისცეს პოლიტიკურ პროცესს, ათ ახალ წევრს“, – აღნიშნა ბორელმა.
ბორელმა არ დააკონკრეტა, ევროკავშირის რომელ ახალ ათ წევრს გულისხმობდა და მიუთითა, რომ ევროკავშირის გაფართოების „დროებით მიზანს“ შეუძლია, „ჩვენი და კანდიდატი ქვეყნების ენერგიის მობილიზება“.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად 2030 წლისთვის.