“მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს” – ასლან ბჟანია

937
spot_img

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას მტკიცებით, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს, თუმცა, „ამ მიმართულებით მცდელობები მიმდინარეობს“.

„ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო – იყო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია. შეძლებენ თუ არა გაგრძელებას, ამაზე დარწმუნებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეტყობა, მოუწევთ. მოგეხსენებათ, მათაც არ აქვთ ალტერნატივა – საქართველო ვერც ერთ ომს, ვერც საბრძოლო მოქმედებას ვერ მოიგებს“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო გზით შეუძლებელია, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სოხუმი მზად არის „მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“.

„ამ კუთხით, სამხედრო გზით ვერანაირი მიზნის მიღწევა ვერ მოხდება. დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მითუმეტეს კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის. ეს არ გვაშინებს. გვინდა ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში – ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ არ აპირებენ ვინმეს გადასცენ ის, რაც მათ ეკუთვნით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობის გამეფებით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ, ვინმეს გადავცეთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის“, – განაცხადა ბჟანიამ.

მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები ყოველწლიურად ტარდება. ბჟანიას მტკიცებით, “დანამდვილებით იცის”, რომ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი „გროვდება“.

„საქართველოში ყოველწლიურად ტარდება 10-მდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, საქართველოს ტერიტორიაზე რჩება, ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ და ვგეგმავთ რეაგირებას“, – აღნიშნა ბჟანიამ.