თავდასხმა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე

135
spot_img

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “მთავარი არხის” ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოკითხვა დასრულდა. დეა მამისეიშვილმა და ზურა ჩხირკვიამ გამომძიებლის კითხვებს უპასუხეს და უამბეს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ და რა ვითარებაში დაესხნენ მათ თავს მოძალადე ჯგუფები, რომლებმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და “მთავარი არხის” კუთვნილი ტექნიკის ტექნიკის დაზიანება სცადეს.

“გამომძიებელი ნამდვილად მონდომებული იყო. ყველა კითხვა დამისვა და მეც, რა ინფორმაციაც მქონდა ამომწურავად მივაწოდე მას. ასევე დავუდასტურე, რომ მზად ვართ მივაწოდოთ კადრები, რისი საჭიროებაც ფაქტია, რომ იქნება თუ დაიწყო მოკვლევა, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის, რომ საერთო ჯამში რას გააკეთებს ეს სამსახური არის დამოკიდებული “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ნებაზე და აქ ნაკლებმნიშვნელოვანია ინდივიდუალური ადამიანების პასუხისმგებლობა. ამიტომ ყველაფერი ისევ და ისვე ხელისუფლებას უნდა მივანდოთ, ფაქტია, რომ იყო ძალადობა, მუქარა და ჟურნალისტურ საქმიანობის ხელისშეშლა, თუმცა ამ ფაქტს დაინახავს თუ არა ხელისუფლება, დაველოდები ალბათ და ძალიან მალე გამოჩნდება” – ამბობს დეა მამისეიშვილი.

რაც შეეება მოძალადეების იდენტიფიცირებას  სამართალდამცავ უწყებას მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ.

შეგახსენებთ, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა  გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი. რადიკალი ჯგუფები ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.