საქართველოში, თბილისში LGBT პრაიდი არასდროს ჩატარდება, – ამის შესახებ მოძრაობის, “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც თბილისში დაგეგმილ LGBT კვირეულს გამოეხმაურა.
როგორც ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, კვირეულის ჩატარება 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი, რის საწინააღმდეგოდაც „საზოგადოება მტკიცე და მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს“.
„საქართველო არასდროს შეეგუება ამ იდეოლოგიის თავს მოხვევას, ქართული საზოგადოება დადგება ფეხზე, იქნება მტკიცე და ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღიკვეთოს ეს აღვირახსნილობა, მასშტაბური სოდომი და გომორის მოწყობის მცდელობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია არის მთელი ქალაქისთვის, მოსახლეობისთვის საყვარელი სარეკრეაციო დასასვენებელი ადგილი, იქ, სადაც ბავშვები ერთობიან. ჩვენ საშუალებას არ მივცემთ, რომ ასეთი მასშტაბის ე.წ. პრაიდ-ფესტივალი ჩატარდეს ჩვენი ბავშვების და საზოგადოების თვალწინ“, -განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.
შაქარიშვილი კერძო მესაკუთრეებს მოუწოდებს, რომ ზომები მიიღონ და LGBT ფესტივალი აღკვეთონ.
„მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად ვის საკუთრებაში ტარდება ე.წ. ფესტივალი და სად აპირებენ ჩაატარონ სოდომი და გომორი ლისის ტბის მიმდებარედ. ეს არის კომპანია „თბილისი იპოდრომ სერვისი“. კომუნიკაცია გვქონდა მესაკუთრეების ნაწილთან, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ „თბილისი იპოდრომ სერვისსა“ და კომპანია „თბილი ოუფენ ეარს“ შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება. „თბილისის ოუფენ ეარს“ წარმოადგენს აჩიკო გულედანი, რომელიც არის ღია LGBTპროპაგანდისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. შესაბამისად, კონტრაქტის მიხედვით, ის უფლებას აძლევს ე.წ. ფესტივალის ორგანიზატორებს ეს აღვირახსნილობა გამართონ იმ მიწაზე, რომელსაც ფლობს „თბილისი იპოდრომ სერვისი“, – განაცხადა შაქარაშვილმა.
ვატო შაქარაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეები გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ ჩაშლიან ფესტივალს საკუთარ მიწაზე, ადგილზე საზოგადოების დიდი ნაწილი შეიკრიბება და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს, რომ LGBT ფესტივალის ჩატარების პრეცედენტი საჯარო სივრცეში არასდროს მოხდეს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისგან პასუხი შესაბამისი და ადეკვატური იქნება“, -აღნიშნა შაქარიშვილმა.