გერმანული საზოგადოებრივი ტელეარხის ARD-ის ახალი ამბების პროგრამის Tagesschau-ს ვებ-გვერდზე სათაურით „ძირითადად დიპლომატიური პასუხები, დავისა და დისკუსიის გარეშე“ (ავტორი – ალფრედ შმიტი) გამოქვეყნდა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ინტერვიუს შინაარსი, რომელიც ტელეეთერში 28 ივნისს გადაიცა.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ოლაფ შოლცის აზრით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასუსტა. ამ ფაქტს გრძელვადიანი ხასიათი აქვს დიდი ხნის განმავლობაში იმოქმედებს კრემლის ხელისუფლების საზიანოდ.
„გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა წინასწარ არაფერი არ იცოდა დაგეგმილი ამბოხების თაობაზე“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა. რაც შეეხება იმ ცნობას, რომ აშშ-ის დაზვერვა საქმის კურსში იყოო, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ვაშინგტონს ბერლინისათვის (ანუ თავის მოკავშირისათვის) ეს ინფორმაცია არ გაუზიარებია: „ჩვენ ამ საკითხის შესახებ განხილვა გვექნება“.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რასაკვირველია, „ვაგნერის“ ამბოხი რუსეთის მდგომარეობაზე გრძელვადიან გავლენას მოახდენს. პრეზიდენტის ხელისუფლება დასუსტებულია. ამბოხმა გვაჩვენა, რომ ავტოკრატიულ სტრუქტურებში ბზარებია გაჩენილი. ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ძველებურად მტკიცედ ვეღარ ზის უნაგირზე, მისი განცხადებების საწინააღმდეგოდ… მაგრამ მე არ მსურს ახლა რაღაც მინიშნებებზე ვილაპარაკო, თუ კიდევ რამდენ ხანს იქნება იგი ხელისუფლებაში – დიდი ხნით თუ მოკლე ვადით. ჩვენ ეს ნამდვილად არ ვიცით“, – აღნიშნა ოლაფ შოცმა.
გერმანიის კანცლერი შეეხო ბელარუსში „ვაგნერის“ ქვედანაყოფების დისლოცირების საკითხს და განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო ნატოს ქვეყნებში შეშფოთებას გამოხატავენ. „ჩვენ ამ სიტუაციას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და ვსწავლობთ. აგრესიული არმიები ყოველთვის საფრთხეს ქმნიან, მით უმეტეს კერძო არმიები’, – თქვა ოლაფ შოლცმა და ხაზი გაუსვა, რომ გერმანია და მისი პარტნიორები ამ სიტუაციაში ყველა ღონეს იხმარენ თავიანთი ტერიტორიის დასაცავად.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ 24 ივნისს სატელეფონო საუბრები გამარტა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან, აგრეთვე პოლონეთის მთავრობის მეთაურთან მატეუშ მორავესკისთან. „ჩვენ არავითარი როლი არ მიგვიძღვის ამბოხების საკითხში. უკრაინას მხარს ვუჭერთ, მაგრამ რუსეთში ხელისუფლების შეცვლა ჩვენს გეგმებში არ შედის“.
რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო დასრულებისა და სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ სანამ რუსეთი თავის ჯარს უკრაინის ტერიტორიიდან არ გაიყვანს, არანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი არ იქნება. „ყველა სხვა ვარიანტი დააკანონებს იმას, რაც უკვე მოხდა. ამიტომაც ომის „გაყინვა“ იმ ხაზზე, სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მიუღებელია“. კანცლერმა არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რამდენად შეუწყო ხელი ამბოხების მცდელობამ ომის სავარაუდო დასრულებას. „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, ანუ ძალიან ძლიერი. ამიტომაც მეტი ყურადღებით მოვეკიდებით მსგავსი სახიფათო სიტუაციების გაჩენის შესაძლებლობას“, – ხაზი გაუსვა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცი შეეცადა თავი დაეცვა ბრალდებისაგან რუსულ ბუნებრივ გაზზე გერმანიის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით: კითხვაზე, თუ რა გააკეთა მან ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში, როცა იგი ანგელა მერკელის მთავრობაში ვიცე-კანცლერი იყო, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ სწორედ მან დაიწყო ნელ-ნელა რუსული გაზის იმპორტის შემცირება, მომზადდა ნიადაგი, რის შედეგადაც დღეს ენერგეტიკული დეფიციტი უფრო იოლად ასატანია. „გასული ზამთარი რომ ადვილად გადავიტანეთ, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევას წარმოადგენს“.