მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ზურაბ აბაშიძე ფეიკს და დამონტაჟებულს უწოდებს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ადასტურებს რომ სატელეფონო საუბარი ნამდვილად ჰქონდა პოზნერის სტუმრობის შემდეგ რუს ბიზნესმენთან, მაგრამ არ ადასტურებს იმ შინაარსს, რომელიც ფარულ ჩანაწერში იყო მოცემული.
„ფეიკთან ერთად, საკმაოდ უსიამოვნო ვერაგობაცაა – რადგან ეს სატელეფონო ფეიკი გამოქვეყნდა ზუსტად იმ დღეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფებოდა და ცდილობდა ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის თემებზე საუბარს, – განაცხადა „ქრონიკაში“ , ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და კიდევ იქნება.
„მე საიდუმლო საუბრები არავისთან არ მქონია. ვსაუბრობ ჩვეულებრივი, ღია ხაზით. მე იმის დადასტურება არ შემიძლია, ვინ იწერს ამ საუბრებს, როგორ ხდება ამის მოპოვება, მაგრამ იმ რესურსზე, რომელზეც დაიდო, ამ რესურს ჰქვია „საიბერ კმარა“ – ამ „კმარით“ შეიძლება ადამიანმა ივარაუდო, ვის ინტერესებშია ეს. გამოქვეყნებული არ არის და მთელი ეს მედია, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციასთან, ერთ წამში აიტაცებს და გავიდა ეს ყველაფერი ასეთი ტექსტით: „ზურაბ აბაშიძე ბოდიშს უხდის რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს“. ფეიკი არის იმის გამო, რომ ტექსტი მართლაც დაჩეხილია. ადრე ერთი სატელეფონო საუბარი გამოამზეურეს გრიგორი კარასინთან. მაშინ ვთქვი, რომ საუბარიც ავთენტურია და ტექსტიც შინაარსობრივად, მე ეს არ დამიმალავს. ახლა ვთქვი, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ტექსტი დაჩეხილია. როგორც კი მოვუსმინე, იმ წუთშივე დავინახე. ეტყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ის ესაუბრებოდა მარკ ზილბერკვიტს, რომელსაც არასდროს ჰქონია შეხება პოლიტიკასთან და კერძო პირია.
„ის ამერიკის მოქალაქეა, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. რუსიც არ არის. კერძო პირს ვესაუბრები ტელეფონით. მას საქართველოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ის ჩამოვიდა, იფიქრა, კარგ საქმეს აკეთებდა პოზნერის დაბადების დღეზე. რა თქმა უნდა ვერ გათვალეს, დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც კარანტინი იყო, ჩვენ ყველანი სახლებში ვისხედით და მათ პურ-მარილი გამართეს. მე ამას ვუხსნიდი სატელეფონო საუბარში, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამან ადამიანების აღშფოთება და კრიტიკა გამოიწვია. რა შუაშია რუსეთის ხელისუფლება? ის არც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელია“, – განაცხადა აბაშიძემ.