ვერაფრით დავამშვიდებ მათ, ვინც ჩემი შეხვედრებით ღელავს – მოუწევთ იმის ყურება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესები დაიცვას და ეს არის ჩემი პირველი საქმე-მაკა ბოჭორიშვილი

10
spot_img

ვერაფრით დავამშვიდებ მათ, ვინც ჩემი შეხვედრებით ღელავს – მათ მოუწევთ იმის ყურება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი იმუშავებს. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესები დაიცვას და ეს არის ჩემი პირველი საქმე – კომუნიკაცია და კონტაქტი ჩვენს პარტნიორებთან, – განაცხადა დღის ქრონიკაში“ ჩართვისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მას კომუნიკაცია და კონტაქტი ექნება მათთან, ვინც საქართველოში მუშაობს და მათთან, ვინც საქართველოს საკითხზე მუშაობს და ასევე, ვისაც სურს, რომ ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან.

„ეს არის ჩემი პირველი საქმე, რომ ეს გავაკეთო და მათ მოუწევთ ამის ყურება. ნუ, აღშფოთდნენ! რა გავაკეთოთ?! ჩვენ ვერ გავაჩერებთ მუშაობას და ნამდვილად ვერ დავდგებით მათ დღის წესრიგში. მათი დღის წესრიგი არის ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს სახელმწიფო. საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ინსტიტუტები და არ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები. საქართველომ უნდა იაროს სხვის ჭკუაზე და აკეთოს ის, რაც სხვას უნდა. სამწუხარო, მე მათ დღის წესრიგს ვერ გავიზიარებ და მოუწევთ, სხვა დღის წესრიგს უყურონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას ან არ აღიარებას. ამასთან, ბოჭორიშვილმა ელჩის მიმართ, მასთან შეხვედრის გამო, სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა.

„წარმოუდგენელ დღეში ჩააგდეს ეს ადამიანი, რომელიც მოვიდა (სამინისტროში). მისი ვალია ასევე, ჰქონდეს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მოვიდა შეხვედრაზე და ჩვენ საუბარი გვქონდა, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. კარგ მდგომარეობაშია, თუ ცუდ მდგომარეობაშია ეს ურთიერთობები, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს არის მისი ვალიც და ჩემი ვალიც. წარმოუდგენელია, რომ მან ასეთი კრიტიკა მიიღო არა მარტო ოპოზიციის, არამედ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც, რომლებიც სოციალურ ქსელებში მას საოცრად აკრიტიკებდნენ.

კიდევ ერთხელ, ყველას მოუწევს რაღაცნაირად უყუროს იმას, რომ საქართველო ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას და საქართველოს ექნება ურთიერთობები პარტნიორებთან. იქნება ეს ელჩის სახით წარმოდგენილი, საგარეო საქმეთა მინისტრებით, თუ სხვა ოფიციალური პირებით წარმოდგენილი. ეს დიალოგი ჩვენ გვჭირდება, მათაც სჭირდებათ და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.