ცესკო-ში ყოფნა არის აუცილებელი, რათა ვამხილოთ სისტემა და მოვახდინოთ მისი სრული დემონტაჟი, – ამის შესახებ ცესკო-ში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით სიორიძემ უპასუხა კითხვას, „ძლიერმა საქართველომ“ რატომ დააყენა ხელახლა ცესკო-ს წევრად მისი კანდიდატურა, როცა ცესკო-ს მიერ ჩატარებული არჩევნების გაყალბებაზე, არალეგიტიმურობაზე საუბრობენ“.
„ცესკო-ს თავმჯდომარე არალეგიტიმურადაა არჩეული და ამას ვამბობთ უკვე ორი წელია. არავის უნდა იქ ყოფნა და არავის სიამოვნებს იქ ყოფნა. იქ ყოფნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მოვახდინოთ მისი სრული დემონტაჟი. ვიდრე ამას გავაკეთებთ, ვიბრძოლებთ ყველგან“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
გუშინ, 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნის თაობაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება დააკმაყოფილა.