“აშშ-ის მხრიდან ქართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებით მუქარა ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში ჩარევა და ზეწოლაა”

82
spot_img

აშშ-ის მხრიდან ქართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებით მუქარა ორი სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობაში ჩარევა და დაუფარავი ზეწოლაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ორი სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობაში ჩარევა და დაუფარავი ზეწოლაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო საქართველოს აეროპორტებში მოქმედი კომპანიები შესაძლოა დასანქცირდეს.

„სხვა არანაირი კვალიფიცირება არ შეიძლება იყოს. ვაშინგტონის ასეთი მენტორული გაცხადებები სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში და მესამე ქვეყნებთან მათ ურთიერთობებში ჩარევად და დაუფარავ ზეწოლად მიგვაჩნია”, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, აშშ-ის კომენტარებისთვის „საღი ახსნა” არ შეიძლება არსებობდეს.

„აშშ ყველგან საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად თუ ადამიანის უფლებებს აყენებს, მაშინ, ალბათ, ამ კონკრეტულ ჰუმანიტარულ ვითარებაში ადამიანის უფლებებით უნდა ხელმძღვანელობდნენ. არ არის რამე უფრო რთული, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირი ავიამიმოსვლის გარეშე ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთო, რომლებთანაც ახლო კავშირები გქონდა, მათ შორის ნათესავური, ჰუმანიტარული”, – განაცხადა ზახაროვამ.