ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

5
spot_img

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმის“ დეტალები უკრაინელ დეპუტატებს გააცნო. ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, რომელიც მან პარტნიორებს წარუდგინა და ახლახან უკრაინელ დეპუტატებს გაუმხილა, ხუთი პუნქტისგან შედგება და ფაქტობრივად წარმოადგენს „რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გეგმას“. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ეს დეტალები დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ გაამჟღავნა.

გეგმის პირველი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ნატო-ში, რისთვისაც პარტნიორების გადაწყვეტილებაა საჭირო;

მეორე პუნქტში საუბარია ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაზე, რათა შეიცვალოს რუსეთის მოქალაქეთა განწყობა, ასევე მოკავშირეების ჩართვაზე უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში და უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე;

მესამე პუნქტი გულისხმობს უკრაინაში „კომპლექსური არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტის“ განთავსებას, რაც საკმარისი იქნება ქვეყნის მომავალში დასაცავად. ამ პუნქტს აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც დასავლელ პარტნიორებს გადაეცათ. ამ პუნქტში საუბარია ასევე დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის წარმოების დაფინანსებაზე;

მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის შეთანხმებას მოკავშირეებთან, ევროკავშირსა და აშშ-თან უკრაინაში მრავალი ქვეყნისთვის საინტერესო ძვირფასი რესურსების, კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის მოპოვებაში ინვესტიციების დაბანდების შესახებ, რაც ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება;

გეგმის მეხუთე პუნქტი გათვლილია ომის შემდგომ პერიოდზე და ითვალისწინებს უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას ნატო-სა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ცნობისთვის, 17-18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმას“ ევროპულ საბჭოს წარუდგენს.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი ევროპის დედაქალაქებში იმყოფებოდა, სადაც მან გეგმის დეტალები ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს გააცნო.