დაბერებული ევროპელები: გადაიტანს თუ არა ევროპა ლიდერობის კრიზისს? – Al Jazeera

40
spot_img

კატარის ტელეარხის „ალ ჯაზირას“ (Al Jazeera) არაბულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაბერებული ევროპელები: გადაიტანს თუ არა ევროპა ლიდერობის კრიზისს? რატომ უჭერს მოსახლეობა მხარს ულტრამემარჯვენეებს“ (ავტორი –  ჰალიბ აზაბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო წლებში ევროპა უკიდურესად მემარჯვენე პარტიების აღზევების მოწმე გახდა, განსაკუთრებით 2024 წელს. ამას ადასტურებს პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ გამარჯვება რეგიონულ არჩევნებში: ტიურინგიაში ალტერნატივამ“ მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო საქსონიაში – მეორე.

ევროპაში ულტრამემარჯვენეთა პოპულარობის ფენომენი ყურადღებით განხილვას საჭიროებს.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც მკვლევარები არასაკმარის ყურადღებას აქცევენ, არის ის, რომ ლიბერალიზმი, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გარკვეულ ხაფანგში მოექცა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მსხვილი ევროპული პარტიები „ქედმაღლობის ვირუსით დაინფიცირდნენ“ და რეალობას მოწყდნენ – სინამდვილეს არასწორად აღიქვამდნენ. სწორედ ამ ფაქტორმა მიიყვანა ისინი თავიანთი იდეოლოგიისა და პოლიტიკური დისკურსის ჩამოყალიბების კრახამდე – ვერ შეძლეს მოსახლეობის ფართო მასების დარწმუნება.

ასეთმა სიტუაციამ ბევრი არაკომპეტენტური პოლიტიკოსი გააჩინა: ემანუელ მაკრონს ბევრად უფრო ნაკლები უნარი აქვს ქვეყნის მართვისათვის, ვიდრე, მაგალითად, ფრანსუა მიტერანს, ვალერი ჟისკარ დ’ესტენს ან თუნდაც ჟაკ შირაკს ჰქონდა. საფრანგეთში პრეზიდენტობის პრესტიჟი ბევრად ადრე დაეცა, ვიდრე პოლიტიკურ არენაზე მარინ ლე პენი გამოვიდოდა, რომლის შედეგად ქვეყანა უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისების ეპიცენტრში მოექცა.

შესაბამისად, ევროპაში ლიდერების კრიზისი გაჩნდა. სწორედ ამ გარემოებამ მისცა ბიძგი ჰენრი კისინჯერს დაწერა წიგნი „ლიდერობა: ექვსი გამოკვლევა მსოფლიო სტრატეგიის სფეროში“, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური ლიდერის დანიშნულებაზე, როგორი უნდა იყოს მისი მუშაობის დინამიკა, რომელიც საკმაოდ ხშირად მისსავე პოლიტიკურ ხედვებს და ტალანტს ეფუძნება. უკიდურესი მემარჯვენეების რიტორიკა ევროპაში სულ უფრო ხისტი ხდება  და, შესაბამისად, სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებს.

ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ და ინფლაციამ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ბუნებრივი შედეგი გახდა, ევროპის ქვეყნებში – გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, უნგრეთში და ავსტრიაში – ჩატარებულ ადგილობრივ და ევროპარლამენტის არჩევნებში საქმე ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამდე მიიყვანა. ასე რომ, 2024 წელი შეიძლება ევროპელი ულტრამემარჯვნეების ზეობის წლად ჩავთვალოთ.

თუ სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით, უკიდურესი მემარჯვენეების აღზევება უფრო დასავლეთ ევროპაში ხდება, ვიდრე აღმოსავლეთში, მაგრამ სწორედ აღმოსავლეთი ევროპა  აძლევს ბიძგს დასავლელ მემარჯვენეთა ხელისუფლებაში მოსვლას: დასავლელები ვერ აცნობიერებდნენ იმას, რომ კომუნიზმის გაქრობის შედეგად დარჩენილ ინტელექტუალურ ვაკუუმს შევსება ჭირდებოდა. სამაგიეროდ, ვაკუუმი იდეალური გარემო გახდა უნგრელი მემარჯვენეებისთვის: უნგრეთმა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, რაც კარგად გამოიყენეს დღევანდელმა პოპულისტურმა პოლიტიკურმა ძალებმა. ნოსტალგია „დიდი უნგრეთზე“ დღემდე შეიმჩნევა.

როგორ შეიძლება ამ მხრივ სიტუაცია შეფასდეს „მდიდარ და მაძღარ“ ჩრდილოეთ ევროპაში? განხილვისათვის ავიღოთ შვედეთის მაგალითი. საერთოდ, სკანდინავიის ქვეყნები ზოგადად ცნობილნი არიან თავიანთი შემწყნარებლობითა და ტოლერანტობით, თუმცა, ამის მიუხედავად, შვედეთში საკმაოდ დიდი ხანია არსებობს „წინააღმდეგობის ჩრდილოური მოძრაობა“ – ტრანსნაციონალური ნეინაცისტური ორგანიზაცია, რომელსაც თავისი ფილიალები ფინეთში და ნორვეგიაშიც აქვს, მას მხარს უჭერენ დანიელი და ისლანდიელი ნეონაცისტებიც.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ ნაციზმი და ნაცისტები აკრძალა, მაგრამ გაჩნდნენ ნეონაცისტები სხვადასხვა ფორმით, რომლებიც თავდაპირველად ფარულად, ღრმა „იატაკქვეშ“ მოქმედებდნენ, შემდეგ თანდათან თავიანთი იდეები სააშკარაოზე გამოიტანეს. ნაციზმისაგან განსხვავებით, იტალიაში ფაშიზმი არ აკრძალულა (არადა, სწორედ იტალიაა ფაშიზმის სამშობლო, ცნობილი დუჩეს  – ბენიტო მუსლონის – ხელმძღვანელობით).

დღეს იტალიური ფაშიზმის მოქმედება საკმაოდ საგრძნობია – ფაშიზმზე და რასიზმზე ბევრი პოლიტიკური პარტია და დაჯგუფებაა ორიენტირებული. მათგან ყველაზე გავლენიანები არიან:

„ახალი ძალა“ – ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომლის ლოზუნგია „იტალიელები უპირველეს ყოვლისა“. პარტია ესწრაფვის და სტიმულირებს ძირძველი იტალიელების რაოდენობის ზრდას, კათოლიკური ეკლესიის როლის აღდგენა-გაძლიერებას, გამოდის ერთქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, მოითხოვს მიგრანტების დეპორტაციას.

„ბოლო თაობა“ – რადიკალური ორგანიზაცია, რომელიც მიგრანტებს ემუქრება. 2021 წელს პოლიციამ „თაობის“ წევრთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩაატარა და უამრავ იარაღს და სააგიტაციო მასალებს მიაკვლია, რომლებიც მიგრანტთა მიმართ ძალადობის მოწოდებას გამოხატავდნენ.

„ჩრდილოეთის ლიგა“ – პოლიტიკური პარტია, რომელიც იტალიის მდიდარ ჩრდილოეთს დამოუკიდებლობისაკენ მოუწოდებს ღარიბი სამხრეთისაგან. ქვეყნის ხელისუფლებაში ჯორჯა მელონისა და მისი პარტიის „იტალიელი ძმების“ მოსვლა 2022 წელს ევროპაში უკიდურესი მემარჯვენეების აღზევების სიმბოლოდ იქცა. ისინი იტალიას იმიტომ მართავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში 400 ადგილიდან 237 მიიღეს.

ევროპაში უკიდურესი მემარჯვენეების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები შემდეგში გამოიხატება:

ა) აკვიატებული ანტიმიგრანტულობა. დემოგრაფიული პრობლემების კვალობაზე, რომ ევროპელები თანდათან ბერდებიან და ეს სამუშაო ძალის უკმარისობას იწვევს მნიშვნელოვან საკვანძო დარგებში, მემარჯვენეებმა გააცნობიერეს, რომ ევროპა  თავის ტრადიციებს სცილდება და სულ სხვა კონტინენტი ხდება. ეს რეალობა „კვებავს“ ევროპულ რასიზმს და „თეთრი რასის“ უპირატესობის იდეას, შესაბამისად, მიგრანტთა გაძევება პოპულისტურ მოთხოვნად იქცა. მაგრამ წარმოიქმნა დილემაც, რომელზედაც ევროპას ჯერ პასუხი არ გაუცია: შეუძლია თუ არა კონტინენტს მიგრანტების გარეშე ცხოვრება?

ბ) ბრძოლა ჰომოსექსუალიზმთან. ულტრამემარჯვენეების აზრით, ჰომოსექსუალიზმი ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას, ხელს უშლის მოსახლეობის ტრადიციულ მატებას. შესაბამისად, მემარჯვენეები პოპულარულები არიან პატარა ევროპული ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობაში, რომლებიც რელიგიური კონსერვატიულობით გამოირჩევიან და ჰომოსექსუალიზმს მძიმე ცოდვად თვლიან.

გ) ეკლესიის როლის აღდგენა-განმტკიცება. იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია ხშირად ნაციონალიზმის, რელიგიური შეუწყნარებლობისა და ფანატიზმის წყაროს წარმოადგენს, გასაგებია, რომ ულტრამემარჯვენეები ეკლესიის როლის გაფართოებას დიდ ყურადღებას აქცევენ.

დ) პოლიტიკური პოპულიზმი და ავტორიტარიზმი. ევროპამ დაკარგა ტრადიციული იდეოლოგია. ზედმეტი თავისუფლება და დემოკრატიულობა საზოგადოებას ზიანს აყენებს, სესაბამისად, აუცილებელია ხელისუფლების გამკაცრება და ძალადობის მაქსიმალური გამოყენება.

ე) „შემობრუნება შიგნით, ანუ მეტი ყურადღება საკუთარ თავს“. იგულისხმება ევროკავშირის უარყოფა, თუნდაც მისი დროებითი არსებობის სახით. გამოიხატება მოწოდებით უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინებისათვის. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლაში (ანუ ბრეკსიტში) დამოუკიდებლობის პარტიის მოწოდებებემა და პროპაგანდამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გერმანიაში ბოლო არჩევნების შემდეგ სასაზღვრო კონტროლი გაძლიერდა.

წყარო