შევთანხმდით ერთ რამეზე, გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან – მამუკა ხაზარაძე 

9
spot_img

შევთანხმდით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში “საქართველოსთვის” დამფუძნებელ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადლობა გიორგის (გახარიას), ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, აქედან გამომდინარე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, “მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ”.

როგორც ცნობილია, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.