,,საქართველო ბოდიშს არასდროს მოიხდის”- მიხეილ სააკაშვილი

11
spot_img

ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი,რითაც ყოფილი პრეზიდენტი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, ყველა ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში.

სააკაშვილის თქმით, საქართველო ბოდიშს არასდროს მოიხდის.

“ჩემს მიერ აშენებულ გორის ჩიხში გაკეთებულ განცხადებებზე, არამხოლოდ საქართველოს არცერთ მმართველს არ ჩაუდენია ათასწლეულების განმავლობაში ივანიშვილის მსგავსი სახელმწიფო ღალატი, არამედ ვერ ვიხსენებ, რომ ბოლო ათწლეულებში რომელიმე თანამედროვე მსოფლიოს მსგავს მაგალითს.

ივანიშვილი თავიდანვე მიჰყვებოდა გეგმას. ჯერ წულუკიანმა მისი დავალებით ხელოვნურად მოახდინა 2015 წელს პროვოცირება ჰააგის პროკურორის მიერ ქართველი სამხედროების ქმედებების გამოძიების. ივანიშვილს და რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლო დამადანაშაულებდა მე და ქართველ ჯარისკაცებს. სინამდვილეში მოხდა ის რომ 2022 წელს ჰააგის პროკურორმა მთლიანად გაამართლა ჩვენი ქმედებები.

გაწბილებულმა ივანიშვილმა/რუსებმა გადაწყვიტეს იგივე გააკეთონ ახლა ყოველგვარი საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე. ამის პარალელურად გორის განცხადებით ივანიშვილმა ავტომატურად ჩააყენა საქართველო მილოშევიჩის სერბეთის მდგომარეობაში (ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სერბებს დღემდე არანაირი ბოდიში არ მოუხდა) ამით მან მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის.

ყველა ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში. როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, ასეთია მისი ვალდებულებები რუსების წინაშე. ვშიშობ, ივანიშვილმა ეს არჩევნებამდე არ გააკეთოს, რათა უზრუნველყოს როგორც მინიმუმ რუსების მიერ ნების დართვა არჩევნების შემდეგ გადასახლდეს მის მიერ მოსკოვში იანუკოვიჩის მახლობლად ახლახან შეძენილ სასახლეში.

და ბოლოს მინდა მივმართო მათ ვისაც კიდევ სჯერა (ასეთი დღეს აბსოლუტური უმცირესობაა) რომ მე რაღაც რეალური დანაშაულისთვის ვარ პუტინის საამებელ ტყვეობაში. მე უკვე სამი წელია ვარ გამომწყვდეული მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ არ ჩავაბარე ჩვენი ქვეყანა, არ მივატოვე თბილისი და ორგანიზება გავუკეთეთ აგრესორისადმი წინააღმდეგობას. საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს!“,- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.