როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია იყოს არასამთავრობო, „ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყნის ძარცვის უფლება შეინარჩუნოს-გიორგი ვაშაძე

12
spot_img

როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები იყვნენ არასამთავრობო? არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ არის, რომ მას არ აფინანსებს მთავრობა და არის მთავრობის მაკონტროლებელი, რაში იხარჯება ფული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კორუფციულ სქემებს ვერ გამოიძიებენ.

„ირაკლი კობახიძემ დღეს ყველას პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა. თურმე რატომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რა აღელვებს კობახიძეს, ივანიშვილს, მის დაჯგუფებას – ამ კითხვებზე პასუხი პირდაპირ გვითხრა ირაკლი კობახიძემ. კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათთვის ეს არის მიუღებელი. უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, ძარცვის უფლება შეინარჩუნონ. ახლა მათ უნდათ, არასამთავრობო ორგანიზაციები აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. შეხედეთ, რაშია საქმე. ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, არამედ სურთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსონ, რათა სამთავრობო ორგანიზაციებად აქციონ. როგორც პროკურატურა, ანტიკორუფციული თუ სამართალდამცავი ორგანოები ხელს აფარებენ მათ კორუფციულ ძარცვის გეგმებს, ისე დააფაროს ხელი კორუფციულ სქემებს უკვე ამ სამთავრობო ორგანიზაციებმა „არასამთავრობო ორგანიზაციების“ სახელით. ზუსტად ეს არის, რატომაც ვერ ვიღებთ 14 მლრდ ევროს ევროკავშირისგან. 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს ევროკავშირისგან, თუ არსებობს გარანტია, რომ ამ 14 მლრდ ევროს არავინ მიითვისებს. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები არის ამის გარანტია, მიუკერძოებელი ანტიკორუფციული ინსტიტუცია, რომელსაც ჩვენ გეუბნებით.

კობახიძე კიდევ რას ამბობს? ჭირსაც წაუღია 14 მლრდ, მთავარია, ჩვენმა, ივანიშვილის გარემოცვამ ძარცვოს ქვეყანა. ანუ, მას უნდა, დანიშნოს ორგანიზაციები, როგორც ეს ხდება რუსეთში, დაარქვას მათ ვითომ არასამთავრობო  ორგანიზაციები, დააფინანსოს ბიუჯეტიდან, მოკლას მათი მიუკერძოებლობა და ძარცვოს ქვეყანა, გაგაღარიბოთ თქვენ და გამდიდრდნენ თვითონ. ეს აღიარებითი ჩვენება მოგვცა დღეს ირაკლი კობახიძემ. როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები იყვნენ არასამთავრობო? არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ არის, რომ მას მთავრობა არ აფინანსებს და ის არის მთავრობის მაკონტროლებელი, რაში იხარჯება ფული, ვინმემ ხომ არ მიითვისა? ამაშია რეალურად საქმე, ამას ებრძვის „ქართული ოცნება“, მას უნდა, ძარცვის უფლება შეინარჩუნოს და, ფაქტობრივად, მოკლას დამოუკიდებელი ინტიტუციის სახით მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ უკონტროლებენ ხარჯებს, ტენდერებს, ჯიბეში რომ ფულს იდებენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ ვერ მივიღებთ 14 მილიარდს, რომლის გარანტიც ჩვენ ვართ და ჩამოვიტანთ საქართველოში, არამედ იმ პროექტებსაც, რომლებიც დღეს ევროპიდან ფინანსდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.