„ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ გსურს გახდე ევროკავშირის გაერთიანების წევრი, არ უნდა გქონდეს სუვერენიტეტი, მხარს უნდა უჭერდე ლგბტ პროპაგანდას და სრულ თანხვედრაში მოხვიდე ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან. სწორედ ამ სამი თემის გარშემო ხდება სრული კონცენტრირება, შესაბამისად საერთოდ არ არის გასაკვირი ის უთანასწორო ბრძოლა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქვთ გაჩაღებული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თავი უნდა დავაღწიოთ თავსმოხვეულ ცრუ ნარატივების და კლიშეების გავლენას და უნდა გავაცნობიეროთ, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გზა მხოლოდ ნეიტრალიტეტშია.
„როდესაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დავაფუძნეთ, პირველივე წერილში ვრცლად ვისაუბრეთ ჩვენი მოძრაობის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ერთ-ერთ პრიორიტეტად კი საზოგადოების სიმართლით აღჭურვა, ქართველი ხალხის ინფორმირება და ცრუ ნარატივების დანგრევა დავისახეთ. რთულია მოსახლეობაში გაუცნობიერებლად გამჯდარი იმ აბსურდული აზრის დაძლევა, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ხსნა ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ყოველდღიური და ქმედითი, სიმართლეზე დაფუძნებული ალტერნატიული აზრის გავრცელებაა საჭირო. იმავე წერილში ისიც მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ დღეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, თუმცა სამწუხაროდ აქამდე არავინ საუბრობდა, ეს გაერთიანება რა გზით მიდის დღეს და როგორ აიძულებენ წევრ ქვეყნებსა თუ წევრობის მსურველ კანდიდატ ქვეყნებს ფსევდოლიბერალური ღირებულებების დანერგვას თავიანთ ქვეყნებში.
ყველაზე მკაფიოდ მაშინ გამოჩნდა მართული ევროკავშირის არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს, ხოლო საქართველო უსამართლოდ დაიჩაგრა. წარმოიდგინეთ, ევროკომისიამ საჯარო გახადა სამი ქვეყნის ტექნიკური შეფასების დოკუმენტი, სადაც პირველ ადგილზე საქართველო იყო. კორუფციასთან ბრძოლის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, საჯარო სამსახურის რეფორმირების და სხვა ინდიკატორებში, თავად ევროკომისიის შეფასებით საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა უკრაინაც და მოლდოვაც, მაგრამ პოლიტიკური შეფასებით ბოლო ადგილზე გაგვიყვანეს. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, გარკვეულწილად ხელისუფლების სწორმა ნაბიჯებმა, ასევე საზოგადოებაში საქართველოს აშკარა დაჩაგვრის გამო გაღიზიანების მაღალმა ხარისხმა ევროკავშირი აიძულა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი მოეცა. მაშინ შანტაჟის იარაღმა ისე არ იმუშავა, როგორც გეგმის ავტორებს წარმოედგინათ. მათ გაანალიზეს, რომ უკვე მეორედ უსამართლო გადაწყვეტილება თავად ევროკავშირს უფრო დააზიანებდა, ვიდრე საქართველოს.
თუმცა, შანტაჟის მექანიზმად დღემდე რჩება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. რამდენიმე კვირის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების პროცესის გახსნასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველო კვლავ დაიჩაგრა. მაშინ როცა, ამ ორი წლის განმავლობაში საქართველო ყველა საკვანძო სფეროში პროგრესირებს, ეკონომიკა იზრდება, კვირა არ გავა, ახალი რეიტინგი არ გამოქვეყნდეს, რომელშიც ჩვენ მუდმივად გაუმჯობესებული პოზიციები გვაქვს, ამის საპირწონედ კი, მოლდოვასა და უკრაინაში მდგომარეობა უარესდება. უკრაინის საკითხი გასაგებია, სამწუხაროდ ეს ქვეყანა ომის ქარცეცხლშია გახვეული, თუმცა პარალელურად ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდება ფაქტები უმძიმეს კორუფციულ დანაშაულებსა და დემოკრატიის უკუსვლაზე. იგივე ხდება მოლდოვაში, სულ რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ელიტური კორუფცია რჩება მაია სანდუს მთავრობის მთავარ პრობლემად. საქართველოში შეუფერხებლად მაუწყებლობს არაერთი მედიასაშუალება, რომელიც ღიად კონტროლდება რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების მიერ, მოლდოვასა და უკრაინაში კი, ყველა კრიტიკული მედია დახურეს და ამაზე შეშფოთება ევროკავშირში არავის გამოუთქვამს.
როდესაც ქართული საზოგადოება ნათლად ხედავს მსგავს უსამართლო დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ – ცხადია, ჩნდება კითხვა, თუ რა არის საქართველოს ასე უსამართლოდ დასჯის რეალური მიზეზი.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ვერ ახერხებს საზოგადოებას უთხრას სიმართლე, თუმცა ჩვენი ამოცანა სწორედ ამ თემებზე მსჯელობაა. სრულ მორჩილებასა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან დღეს ყველაფერი მათთვის უმნიშვნელოვანეს სამ მთავარ პოსტულატზე დაიყვანება – თუ გსურს გახდე მათი გაერთიანების წევრი, არ უნდა გქონდეს სუვერენიტეტი, მხარს უნდა უჭერდე ლგბტ პროპაგანდას და სრულ თანხვედრაში მოხვიდე ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ყოველგვარი დამცავი მექანიზმების გარეშე მიიღო ათიათასობით მიგრანტი. სწორედ ამ სამი თემის გარშემო ხდება სრული კონცენტრირება, შესაბამისად საერთოდ არ არის გასაკვირი ის უთანასწორო ბრძოლა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქვთ გაჩაღებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კანონის დონეზე ამყარებს სუვერენიტეტს გამჭვირვალობის კანონით და ასევე კანონის დონეზე კრძალავს გარყვნილების, იგივე ლგბტ პროპაგანდას, უკრაინასა და მოლდოვაში თვე არ გავა, რომ ლგბტ პრაიდი არ ჩატარდეს. „ღირსების მარში“, როგორც ამას ლგბტ საზოგადოება უწოდებს, კიშინიოვსა და კიევში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც ევროკავშირის მხრიდან შესაბამისად ფასდება და საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნებს მოლაპარაკებებიც გაუხსნეს და ხელისუფალთა მხრიდან უმძიმეს კორუფციულ თუ კრიმინალურ ფაქტებზე სრულად წაყრუების პოლიტიკა აქვთ.
მოკლედ, თუ მთავრობა ევრობიუროკრატების მიერ კონტროლირებადია, ნებისმიერ მანკიერებასა თუ დანაშაულზე დახუჭავენ თვალს, როგორც ეს ხდებოდა ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, როდესაც სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. ანალოგიური პროცესია დღეს, მოლდოვასა და უკრაინაში, როდესაც არც ერთ მძიმე დანაშაულზე ევროკავშირს არანაირი რეაქცია არ აქვს. რაც შეეხება მიგრანტების საკითხს, სწორედ ამ ფორმით უკვე მოახერხეს სხვადასხვა ევროპული ქვეყნისათვის ნაციონალობის მოშლა, რადგან უკონტროლო მიგრაციით ხალხების აღრევა საბოლოოდ სწორედ ერის იდენტობის გაქრობით მთავრდება.
ასე იქცა ევროკავშირი მისი მაკონტროლებელი პოლიტიკური ჯგუფებისა და გავლენის წრეების მიერ შანტაჟისა და მუქარის იარაღად. ჩვენ, ევროკავშირი თუ სხვა ნებისმიერი გაერთიანება გვინდა არა სუვერენიტეტის შეზღუდვისთვის ან რომელიმე აკვიატებული იდეისათვის მსახურებად (იქნება ეს პრაიდების მოწყობა, უკონტროლო მიგრაცია თუ სხვა), არამედ ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტი ევროპული, დემოკრატიული ღირებულებების დასანერგად და განსამტკიცებლად.
როდესაც ხედავ, რომ გუშინდელი ქართველი რუსოფობები დღეს არჩევნებში ხმების მოპოვების მიზნით 180 გრადუსით იცვლიან პოზიციას, ან უკრაინის დანგრევაში და განადგურებაში დიდი წვლილის შემტანი იქაური რუსოფობი ლიდერები დღეს რუსეთთან მოლაპარაკებების მზადყოფნას გამოთქვამენ და ამ ტრანსფორმაციას ჩვეულებრივად ხვდებიან ევრობიუროკრატები, ნებისმიერი გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ასეთი დამოკიდებულებები ძალიან შორს არის პრინციპულობისგანაც და სამართლიანობისგანაც.
ამიტომ თავი უნდა დავაღწიოთ თავსმოხვეულ ცრუ ნარატივების და კლიშეების გავლენას, უნდა გავაცნობიეროთ, რომ არსებულ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გზა მხოლოდ ნეიტრალიტეტშია, რაც ევროპიდან მხოლოდ მისაღების გადმოღებას და დასაგმობის მიუღებლობას გულისხმობს.“-ნათქვამია განცხადებაში.