“არაბ გიდს, სავიზიტო ბარათზე, მარჯანიშვილის ქუჩის ნაცვლად, არაბეთის ქუჩა ეწერა” – ვიკა შარია

880
spot_img

ვლადიმირ პუტინმა, 10 მაისის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-ს ფრენების დაწყების ნებართვა მისცეს.

“თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა”,-წერია განცხადებაში. რაც შეეხება ბილეთების ფასს, მიმდინარე თვეში, მოსკოვი-თბილისის რეისზე, ბილეთის ფასი 800-1000 ლარის ფარგლებში იქნება.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-იც იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით“, – ნათქვამია ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განმარტებით, „გამორიცხული არ არის, რომ პირდაპირი ფრენების პარალელურად, განახლდება ავტობუსის ტურებიც, რადგან ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ახლა ღიაა“.

როგორ აისახება აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სფეროზე, – ტურიზმის სექტორზე და რა მოლოდინები აქვთ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს? აღნიშნულ საკითხზე, „ჯორჯიან თაიმსს“ ტურიზმის ექსპერტი, ვიკა შარია ესაუბრა.

– ცოტა შორიდან დავიწყოთ. გვითხარით, როგორ შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ტურისტული გარემო საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ჩვენს ქვეყანაში გადმოვიდა საცხოვრებლად?

-ომის ფაქტორი, ჩვენს სექტორზე, პირველ რიგში, აისახა ისე, რომ ფაქტობრივად, დავკარგეთ უკრაინული ბაზარი, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული და მზარდი იყო, განსაკუთრებით – კორპორაციულ სეგმენტში. მეორე რიგში, ეს აისახა ქვეყნის იმიჯზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას, განსაკუთრებით – ევროპის ქვეყნებს ჰგონიათ, რომ უკრაინა-საქართველო ერთია და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კოდი არის ძალიან დაბალი. მათ ჰგონიათ, რომ აქ ჩამოსვლა არის საშიში და რომ ბომბები გვაცვივა თავზე. ეს ფაქტორი, ასევე ძალიან ცუდად აისახა ქვეყანაში ინფლაციის თვალსაზრისით, ვინაიდან, კატასტროფულად გაიზარდა ფასები ყველაფერზე. მეოთხე ფაქტორი ის არის, რომ ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ გიდობა დაიწყო. ახლა უკვე გამოდის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ტურისტული ბაზარი გაჩერებულია.

– რა მოლოდინები გაქვთ, – რა შედეგები მოჰყვება რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ვიზის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას და როგორ აისახება ის ტურიზმის სექტორზე?

– ამ საკითხს, მე საერთოდ არ ვუყურებ ბიზნეს პერსპექტივითა და მერკანტილური თვალსაზრისით, რომ აი, ახლა ახალი ბაზარი გაიხსნა და ამით ვინმე სარგებელს მიიღებს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეს საკითხი კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი დარტყმაა ქვეყნის რეპუტაციასა და მის პროდასავლურ იმიჯზე. თუმცა, ეს არ არის ჩვენი მხრიდან წამოსული ინიციატივა, ეს რუსეთის გადაწყვეტილებაა და ჩემი მოწოდებაც, ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან არის ის, რომ ჩვენ რუსებს უფრო ვჭირდებით, ეს მათ ინტერესშია და ამიტომაც ხსნიან რეგულაციებს, ვიდრე – ჩვენ მათ. კატეგორიულად უარვყოფ იმ ფაქტს, რომ აქ იფრინონ სანქცირებულმა ავიახაზებმა. პირადად მე, ჯერ კიდევ შარშან შევწყვიტე რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა.

– თუმცა, ხომ არ გამორიცხავთ იმ ფაქტსაც, რომ გარკვეულმა ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა გამოიყენონ ეს ფაქტი სათავისოდ და ამით სარგებელი მიიღონ?

– თუ ეს ასე იქნება, ამას ძირითადად, ისევ რუსები გამოიყენებენ. ისინი შავი ბუღალტერიით მუშაობენ და არანაირი თანხა არ შემოაქვთ სახელმწიფო ხაზინაში. შესაბამისად, არიან მინიმუმ 25%-ით იაფები, იმიტომ, რომ საკუთარ პროდუქტს ძირითადად ინსტაგრამ პლატფორმით ყიდიან. ისინი არც რეკლამაში იხდიან თანხას და ჰონორარს ნაღდი ანგარიშსწორებით, ხელზე იღებენ. გამოდის, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა და არავინ არ აკონტროლებს ამას. შავი ბაზარი და ჯუნგლების პრინციპია.

– ქართველი გიდები სახელმწიფოსგან ითხოვენ, რომ გიდებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. ამ მოთხოვნით მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აქციაც კი გამართეს, მათი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოში ოპერატორ გიდებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ და სახელმწიფო ენა B2 დონეზე იცოდნენ. რა პრობლემებს ქმნიან უცხოელი გიდები ქართულ ბაზარზე და როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის მოგვარება?

– ეს პრობლემა, დიდი ხანია არსებობს ჩვენს ქვეყანაში. თურქს რომ მოუსმინო, თურქეთის ყოფილი პროვინცია ვართ, რუსს რომ მოუსმინო კი, – რუსეთის გუბერნია.

მთელი უბედურება იმაშია, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ბენეფისებსაც კი ვერ იღებს აქედან, იმიტომ, რომ საერთოდ არაფერს არ ატარებენ თეთრ ბუღალტერიაში. ყველაფერს შავად აკეთებენ და ქვეყანა კი, იცვითება. იცვითება უნიკალური ისტორიული ძეგლები, გზები და ა.შ.

საკითხის მოგვარება, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ნებაზე, მკაცრი რეგულაციებისა და სტანდარტების დაწესებაზეა დამოკიდებული. არ არის აუცილებელი, რომ გიდი მაინც და მაინც საქართველოს მოქალაქე იყოს. თუმცა, მას უნდა ჰქონდეს გავლილი მინიმუმ სერტიფიცირება და მიღებული ჰქონდეს თუნდაც საბაზისო კურსი ამ მიმართულებით. ვიღაც აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს, თუ რას ეუბნებიან გიდები საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს. მინიმუმ, რაიმე სტანდარტი უნდა არსებობდეს, რაც განასხვავებს პროფესიონალ გიდს – არაპროფესიონალისგან.
ჩემდა გასაოცრად, არაბი გიდის სავიზიტო ბარათი ვნახე, სადაც, მარჯანიშვილის ქუჩას, მისამართად არაბეთის ქუჩა ეწერა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამაზე სახელმწიფო განგებ ხუჭავს თვალებს.

/თამუნა დუღაშვილი/