მოსკოვს ჰქონდა კრიტიკული დრო, რომ კიევისათვის მიმდინარე წელს გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა, მაგრამ აშშ-ის წყალობით ვერ მოახერხა – უცხოური პრესა

90
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 12 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინმა უკრაინის დამარცხების შანსი ხელიდან გაუშვა“ (ავტორი – ფრენსის დირნლი, რედაქტორის თანაშემწე). „მოსკოვს ჰქონდა კრიტიკული დრო, რომ კიევისათვის მიმდინარე წელს გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა, მაგრამ აშშ-ის წყალობით კრემლმა ეს ვერ მოახერხა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.


გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:


ცაში ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ, მიწაზე არტილერია ქუხს. ისმის ადამიანთა ემოციური შეძახილები. ეს უკრაინა არ არის, ეს საფრანგეთია, ნორმანდია, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის („დღე „დ“) 80 წლისთავის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. თუმცა სტუმრები უკრაინასაც არ ივიწყებენ: „უკრაინაში ტირანია შეჭრილი, რომელიც მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობს… ჩვენ ქედს ვერ მოვიხრით ხულიგანი დიქტატორების წინაშე, რაც, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ასე რომ მოვქცეულიყავით, ეს იმას დაემსგავსებოდა, რომ ჩვენ დავივიწყეთ ის, რაც ამ ქვიშიან ნაპირზე ხდებოდა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოსვლისას.
შესაძლოა ჯო ბაიდენის სიტყვას, მისი პოლიტიკური წინამორბედის აბრაამ ლინკოლნის გამოსვლისაგან განსხვავებით, რომელიც მან 1863 წელს გეტისბერგის ბრძოლის შემდეგ წარმოთქვა, პოეტურობა აკლია, მაგრამ მასში მკაფიოდაა აღნიშნული: ებრძვის რა რუსეთს, კიევმა თავის მხრებზე დაიდო დასავლური ფასეულობების ტვირთი და მას ღირსებით ატარებს.


ბოლო დროს მომხდარი ამბები ერთ გასაოცარ ჭეშმარიტებას აჩვენებს: ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ხელიდან გაუშვა გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვების შანსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარდეს. კრემლმა ვერ მოახერხა ხარკოვის ოლქში დასახული მიზნის მიღწევა, და ამ დროს ჯო ბაიდენმა ნება დართო უკრაინის პრეზიდენტს გამოიყენოს თანამედროვე ამერიკული რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად. ამ ნებართვამ კიევს უდიდესი დივიდენდები მოუტანა. უკრაინის არმიამ უკვე განახორციელა რამდენიმე ავია- და სარაკეტო შეტევა-თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული საზღვაო და ავიაბაზების წინააღმდეგ.


რასაკვირველია, ცალკე აღებული, არცერთი ეს შეტევა სტრატეგიულ სიტუაციას არ ცვლის, მაგრამ რუსეთის არმიის საწყობებზე ხშირი დარტყმები, მათ შორის გასულ კვირაში, რომლის შედეგად 540 მილიონი დოლარის ნავთობის მარაგი განადგურდა, იმას ნიშნავს, რომ ლოჯისტიკის თვალსაზრისით, უკრაინამ შემობრუნებით მომენტს მიაღწია: კიევის არმიას უკვე მოსკოვის ჯარები ვეღარ დასძლევენ.
რუსეთის ტერიტორიაზე კონკრეტული დარტყმების განხორციელების მიზნით აშშ-ის მიერ გაცემულ ნებართვასთან ერთად, კიდევ ერთ საკვანძო ფაქტორად ითვლება ის, რომ კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარების კანონის შესაბამისად, ფრონტს უკვე რეგულარულად მიეწოდება საბრძოლო მასალები. მართალია, ამ მხრივ სიტუაცია ჯერ კიდევ არასახარბიელოა, მაგრამ ისეთი დრო უკვე აღარ არის, როცა უკრაინელი ჯარისკაცები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილნი. სიტუაცია სასიკეთოდ იცვლება. ჩეხეთის გეგმა მილიონნახევარი საარტილერიო ჭურვის შესყიდვის თაობაზე წარმატებით, სწრაფი ტემპით რეალიზდება.


მოკლედ რომ ვთქვათ, ის კრიტიკული პერიოდი, როცა მოსკოვი კიევის მიმართ სრულ უპირატესობას ფლობდა საბრძოლო მასალების, ტექნიკისა და შეიარაღების რაოდენობის თვალსაზრისით, წარსულში დარჩა. კრემლმა დრო აშკარად ხელიდან გაუშვა და შანსით ვერ ისარგებლა, რაც ვლადიმერ პუტინს ძალიან ძვირად დაუჯდება – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე. ვლადიმერ პუტინს მაისში გამიზნული ჰქონდა, რომ სანამ ამერიკაში არჩევნები დაიწყებოდა, მას ხარკოვის ოლქში რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაეკავებინა, რომ ჯო ბაიდენი უხერხულ სიტუაციაში ჩაეგდო და ის, ვინც თეთრ სახლში მას შეცვლიდა, კიევი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე აიძულებინა.
ამის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის მიერ გამაგრებული ფრონტის ხაზის წინაშე აღმოჩნდა. როგორც ნორმანდიაში ჯო ბაიდენმა განაცხადა, ორწლიან ომში კრემლმა უკვე დაკარგა 350 ათასი ჯარისკაცი (შედარებისათვის: ავღანეთში 10-წლიანი ყოფნის დროს 50 ათასი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ასეთმა დანაკარგებმა სსრკ-ის დაშლა დააჩქარა).


ამიტომაც დადგა დრო, რომ უკრაინის ორწლიანი საომარი მოქმედებების გადაფასება მოხდეს, მათ შორის შარშანდელი ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევისაც. რუსეთი თანდათან სუსტდება, უკრაინის თავდაცვა კი სულ უფრო მაღალეფექტური ხდება, რაც ნიშნავს პოტენციალს სამომავლო გამარჯვებისათვის.


რა თქმა უნდა, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ომი უკვე მოგებულია. უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია გამარჯვებისთვის, მათ შორის დასავლური იარაღით მომარაგებისა და მხარდაჭერის უკმარისობა. მაგრამ მხარდაჭერა მაინც არის – მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დანაკარგები ბევრად აღემატება ნორმანდიაში, ამერიკელთა სასაფლაოზე მდგარ 10 ათას ჯვარს, ალბათ, ათჯერ მაინც. უკრაინა დგას – ისევე როგორც ის ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც იმ საბედისწერო დღეს, 80 წლის წინათ, ნორმანდიაში გადმოსხდნენ, მედგრად იდგნენ და საბოლოო ჯამში გაიმარჯვეს კიდეც.


წყარო