“აფხაზეთი მე ვარ”- მთაწმინდის პარკში ღონისძიება  გაიმართა

54
spot_img

9 ივნისს მთაწმინდის პარკში, ამფითეატრში გაიმართა ღონისძიება “აფხაზეთი მე ვარ”.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანი გმირები, “მშვიდობის ელჩები”, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები და სხვა .

პროექტის ორგანიზატორია ორგანიზაცია “თაობა 21 საქართველო”.


ორგანიზაცია “თაობა 21 საქართველოს” მიერ ხორციელდება პროექტი “აფხაზეთი მე ვარ”, რომლის ფარგლებშიც გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნი. სადაც შესულია 73 მეომრის ისტორია და 4 დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი. ფილმები მიეძღვნა სოხუმის დაცემის დღეს, ფასანაურის „თეთრი არწივის“, „თბილისს“ და რუსთავის ბატალიონებს. ფილმებში აფხაზეთის ომის ვეტერანი 35 მეომარი მონაწილეობს. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-5 ნაწილის გადაღება.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები იგეგმება და ღონისძიებები იმართება.

“პროექტის მხარდასაჭერად შეიქმნა ქალთა მოძრაობა “მშვიდობის ელჩები”, სადაც ერთიანდებიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ქალბატონები, ვინც ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებამდე სწორი მესიჯების მიტანა დღეს ჩვენი თაობის მოვალეობაა, ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობა, მოთმინება და სიყვარული სჭირდება, რაც მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა.

პროექტის მიზანია ჩვენი აქტიურობით დავანახოთ საზოგადოებას, მომავალ თაობას, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე – აფხაზეთი ჩვენი ყველაზე მტკივნეული ნაწილია. მას სიყვარულით, სიფრთხილით, მშენებლობით და სიკეთით მიდგომა სჭირდება, რაშიც ყველა ადმიანმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, ვისთვისაც საქართველოს მთლიანობა მნიშვნელოვანია. აფხაზებთან მშვიდობიანი ხიდის მშენებლობისთვის ყველა მხარეს მყოფმა, ყველა პროფესიის თუ ასაკის ადამიანმა ჩვენ ჩვენი აგური უნდა დავდოთ.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, სტუმარს, მედიასაშუალებებს, რაც მთავარია, ჩვენი მშვიდობისთვის დაღუპულ ადამიანებს. ეს ვალი ყველა ჩვენგანის მოსახდელია..

პროექტი ახლა დგამს სერიოზულ ნაბიჯებს წინ და მისი გაშუქება და საზოგადოებამდე სწორი მესიჯების მიტანა თქვენი, მასმედიის დამსახურებაც იქნება“, – აცხადებს მედიასთან ორგანიზაცია „თაობა 21 საქართველოს“ დირექტორი, პროექტის „აფხაზეთი მე ვარ“ ავტორი შორენა ჯავაშვილი.