საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია

15
spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამო საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია, თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე. მათი თქმით, მიზეზი მდინარე დევდორაკის დონის მატებაა.

უწყების განცხადებით, ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე საბაჟო გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო (მდინარე დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

საფრთხის მოხსნის შემდეგ (ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე), საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.