გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ „X”-ში კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების გაზიარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ელჩის თქმით, მან სოციალური ქსელის საკუთარ პოსტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვები მოიყვანა და მას წყარო მიუთითა და ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. ამასთან, პეტერ ფიშერის განცხადებით, დღეს მედიას განემარტა, რომ „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“.
“დაზუსტება: 1. ქვემოთ მოვიყვანე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვები და მივუთითე წყარო: @Bundeskanzler. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ მედიის შეკითხვებს შემდეგნაირად უპასუხა: „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“. 3. მჯერა, რომ კანცლერის სიტყვებს ეთანხმებით”, – განაცხადა ელჩმა პეტერ ფიშერმა.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება გაავრცელა, სადაც შოლცი აცხადებს: „ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უდავოდ უნდა ისმოდეს”.
გერმანიის ელჩს არ მიუთითებია, ვისი მისამართით იყო გაჟღერებული კანცლერის აღნიშნული განცხადება, რამაც ქართული მედიისა და საზოგადოების ნაწილს დაუტოვა აღქმა, რომ ოლაფ შოლცის ეს განცხადება საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა.
მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ელჩის მიერ პოსტის გაზიარება „დაზუსტების გარეშე“, სპეკულაციად შეაფასეს.