მიხაელ როთის გამონათქვამები გერმანიასთან არსებულ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
იგი გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენ კოლეგებს, ევროპელ პარტნიორებს – ყველას მიმართ ღრმა პატივისცემა, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ რწმენას, ეკლესიას, ქვეყნის სუვერენიტეტს ვცემთ პატივს და ნურავინ გაბედავს, ვინც არ უნდა იყოს, როგორი მაღალი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს ის ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რომ ამგვარი, ამ დოზით საკუთარ თავს უფლება მისცეს, იკადროს, რომ ადამიანების რწმენასა და სინდისის თავისუფლებაში ხელები აფათუროს.
ზედმეტი ნურავის მოუვა. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და თუკი ასეთ პატივისცემას ჩვენი პარტნიორებისგან ვერ ვიგრძნობთ და ისინი საკუთარ გამონათქვამებში პირდაპირ გამოხატავენ მსგავს, მდაბიო და ფსკერს ქვემოთ არსებულ მოსაზრებებს, აქ უკვე ეს პატივისცემა ირღვევა. მოდით, თავად გაგვცენ პასუხი, შემდეგ ღირსეულ პარტნიორულ ურთიერთობაზე როგორ შეიძლება იყოს საუბარი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, გერმანია ნამდვილად არ არის ერთი პიროვნება, გერმანიასთან საქართველოს ჰქონდა და მომავალშიც ექნება კარგი პარტნიორული ურთიერთობა.
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მრევლი ვალდებულები არიან, გაუძლონ კრიტიკას. ზოგიერთს ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრობლემები აქვს. ჩემს შემთხვევაში ეს ქართული მართლმადიდებლობაა, ისევე როგორც ისლამი”.