მინდა საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო: – საქართველოს სჭირდება თქვენი კიდევ უფრო მყარი პოზიცია ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე! ჩვენ ჩვენის მხრიდან მზად ვართ, ნებისმიერ საგარეო საერთაშორისო პოლიტიკის საკითხზე გვქონდეს დიალოგი! რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევებისგან, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც სხვა ქვეყნებსაც აქვთ გაკეთებული, – ამის შესახებ პარლამენტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესია და ქვეყანას დიამეტრალურად პოზიტიური შედეგები აქვს.
თალაკვაძე იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მიერ მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე უფრო მკაცრი კანონები აქვს ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას, ასევე აშშ-ს, ისრაელს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს.
“ჩვენ პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთადერთი გზავნილი გვაქვს – უფრო ძლიერად დაუჭირონ მხარი ჩვენს ქვეყანას! საქართველო ევროპული ტრაექტორიით მიდის!
მინდა საქართველოს საზოგადოებას და პარტნიორებს ვუთხრა: – გამჭვირვალობის რეესტრი დანერგვა არის შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირი სამართლებრივი კავშირი და გავლენა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე არა აქვს. საკითხის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს საქართველოში რეესტრის შექმნამ, რაც ევროპის 15 ქვეყანაში გაქვთ, თითქოს თქვენს ქვეყნებში შეცვალა რაიმე ან ჩვენს ურთიერთობებში რაიმეზე მოახდინა ზეგავლენა, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებულია.
მინდა საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო, კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა – ჩვენ დღეს გვჭირდება უფრო ძლიერი პირდაპირი ეკონომიკური მხარდაჭერა და უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის ევროინტეგრაციის ბოლო ეტაპზე, რომელიც გაწევრიანებას გულისხმობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.