,,თუ კანონპროექტის ინიცირებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების წელს გახსნის შანსი ნულის ტოლი იყო, კანონის მიღებამ ეს შანსები გაზარდა” – პრემიერი

6
spot_img

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა თვისებრივად გაზარდა შანსები, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, როგორ წარიმართა მოვლენები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„შეგახსენებთ, ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს, რომ თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა, ამით დამთავრდებოდა საქართველოს ევროინტეგრაცია. მაშინ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, სააკაშვილი დარჩა იქ, სადაც უნდა დარჩენილიყო და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით იყო შემაშფოთებელი ტენდენციები, რაზეც უშუალოდ ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებს პარტნიორებს, მათ შორის როდესაც ბატონი კოპმანი იყო ჩამოსული, ხელოვნურად ხდებოდა ისეთი მოთხოვნების დაყენება, რომლებსაც, იცოდნენ, რომ ჩვენ ვერ გავიზიარებდით. მათ შორის იყო სასამართლო სისტემაში რეპრესიების ჩატარება, ცესკოს გადაცემა ოპოზიციისთვის და ა.შ. ასეთ პირობებში აშკარად ჩანდა, რომ ვიღაცებისთვის მოლაპარაკებების არგახსნა იყო თვითმიზანი და იმ მომენტში, კანონპროექტის ინიცირებამდე, ჩანდა, რომ ამ წელს მოლაპარაკებების გახსნის შანსი ნულის ტოლი იყო. თუ კანონპროექტის ინიცირებამდე ნულის ტოლი იყო მოლაპარაკებების გახსნის შანსი, ეს შანსი ბევრად გაზრდილია. პროცენტებში აღარ შევალ, სპეკულირებას აღარ დავიწყებ, მაგრამ თუ კანონპროექტის ინიცირებამდე მოლაპარაკებების წელს გახსნის შანსი იყო ნულის ტოლი, ეს შანსები ბევრად უფრო მეტად გაზრდილია. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2022 წელს ქვეყანას უსამართლოდ ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა ხელისუფლების პრინციპულობის შედეგად, 2023 წელს საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

„წელს იქნება თუ გაისად, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. შანსები გაიზარდა. მე ვარ იმის გარანტი, რომ ეს პროცესები ზრდის იმის შანსებს, რომ ჩვენ გაგვეხსნას მოლაპარაკებები. თუ მანამდე ამის შანსი ნულის ტოლი იყო და ამ დასკვნას ჩვენს პარტნიორებს აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად ვუზიარებდით, კანონის მიღებამ ეს შანსები გაზარდა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.