“უცხოეთის აგენტის” კანონთან დაკავშირებული მთელი საკითხი დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის გამოსწორების შესაძლებლობა – ალექსანდერ ვერშბოუ

24
spot_img

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო და იმედს გამოთქვამს, ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს.

ვერშბოუმ ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ისაუბრა ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობებზე და უპასუხა კითხვას, თუ სად ხედავს საქაართველოს პროცესში. მისი თქმით, სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა უმრავლესობის პარტია დასავლეთს ზურგს აქცევს. ამასთან ვერშბოუ უშვებს შესაძლებლობას, რომ მათ საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან.

“ვისურვებდი, უფრო პოზიტიური პასუხის გაცემა შემეძლოს, რადგან ისტორიული ჩანაწერით 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველო იმავე დონეზე იყო, რაზეც უკრაინა. ჩემი გენერალური მდივნის მოადგილეობის პერიოდში, საქართველო ნატოსთან დაახლოებისკენ პროგრესს განაგრძობდა. ბოლო სამიტზე, რომელსაც მე დავესწარი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი შეთანხმდა და ამიტომ ჩანდა, რომ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას ნათელი მომავალი ჰქონდა. ამიტომ, კიდევ უფრო სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული [მმართველი], უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ, შესაძლოა, საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან. ვფიქრობ, ეს ცუდი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, უფრო ფართოდ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ამის გამო ვწუხვარ”, – დასძინა მან.

რაც შეეხება ნატოს ივლისის სამიტის მოლოდინებს, მისი თქმით, შეიძლება იყოს უფრო განახლებული მიდგომა უკრაინის მიმართ და ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნაკლებად პრიორიტეტული იყოს საქართველოს შესახებ რაიმეს თქმა.

“ეს იმედგამაცრუებელი იქნება, მაგრამ ვშიშობ, ეს სავსებით შესაძლებელია. მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ”,- განაცხადა ვერშბოუ.

გარდა ამისა, ვერშბოუმ ისაუბრა შესაძლო ზომებზეც, რომელიც კანონპროექტის მიღებას მოყვება და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა უკვე დაზარალდა და ეს შეიძლება გავრცელდეს ამერიკისა და მოკავშირეების დამოკიდებულებებზე, ნატოში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის მიმართ.

“ვფიქრობ, მრავალი სხვა საგარეო პოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ადმინისტრაცია უმკლავდება, ისინი შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ, გადადგან თქვენ მიერ ნახსენები ზოგიერთი ნაბიჯი, დახმარების შემცირებისა და საქართველოსთან საერთო ურთიერთობების შემცირების კუთხით, თუ გამჭვირვალობის კანონის ეს პრობლემა არ გადაიჭრება. აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა უკვე დაზარალდა და ვფიქრობ ეს შეიძლება გავრცელდეს ამერიკისა და მოკავშირეების დამოკიდებულებებზე, ნატოში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის მიმართ” , – აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, საქართველოს გადაწყვეტილებები, ამცირებს ნატოში მისი ღრმა ინტეგრაციის შანსებს.

“ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ დემოკრატიული ცვლილება არის ძლიერი ფაქტორი, გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ვფიქრობ სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ ვზრუნავთ საქართველოზე. მაგრამ ძლიერ გვაწუხებს, რომ თავად საქართველოს გადაწყვეტილებები, ამცირებს ნატოში მისი ღრმა ინტეგრაციის შანსებს”, – განაცხადა ვერშბოუმ.