ხედავთ გასუსულ ოპოზიციას და „ენჯეო“ სექტორს. გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებს – სად არიან?! – ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და მართლმსაჯულებას, ქართულ სახელმწიფოს ამ 10-წლიანი არ მოსვენების, ჯანჯღარის გამო, გადაგვაყოლეს ერთ ადამიანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის ირგვლივ 10-წლიანი ყალბი კამპანია მიმდინარეობდა.
„ხედავთ გასუსულ ოპოზიციას და „ენჯეო” სექტორს. გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებს, თუ პარლამენტარებს – სად არიან?!
ეს ქვეყანა 10 წელი რომ არ მოასვენეს სააკაშვილით, მისი პერსონით. ხან სად დაჰყავდათ, ხან სად. გახსოვთ, ბრიუსელის კორიდორებში, როგორ ხვდებოდნენ, კონფერენციებზე გამოყოფილი ადგილი, ეს ხალხი, რომელიც მათ შორის ევროპის სახეა, რატომ არის ჩუმად? გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და მართლმსაჯულებას, ქართულ სახელმწიფოს ამ 10-წლიანი არ მოსვენების, ჯანჯღარის გამო, გადაგვაყოლეს ერთ ადამიანს. ბოლოს ჩუმად შემოგვიპარეს ქვეყანა რომ აერია. გამოიტანეთ დასკვნა. ეს არის დასტური 10-წლიანი ყალბი კამპანიისა, სადაც ჩართული იყო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები უცხოეთიდან, სხვადასხვა სახის მედია თუ არასამთავრობო სექტორი”,-აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა.