სალომე ზურაბიშვილმა პირი კარგად გამოირეცხოს, როცა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა ზურაბიშვილის იმ პოსტზე, სადაც მან აღნიშნა: „სპეცნაზელები“ მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება, საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს“.
„შეგახსენებთ ერთ-ერთ ჟურნალისტთან გაკეთებულ კომენტარს, რომ მისთვის მისაბაძი თუ საყვარელი პოლიტიკოსია ლავროვი. ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა პირი კარგად გამოირეცხოს, როცა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობს. მართლაც ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. რუსეთი ოკუპანტია და სალომე ზურაბიშვილმა პირი გამოირეცხოს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა ღუდუშაურს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ალექსანდრ დუგინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველო სწორ გზაზეა“.
„დუგინი, ელისაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ლავროვები – ამ ადამიანებს ერთი მამოძრავებელი აქვთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. პირდაპირ გეუბნებით, ფეხზე მკიდია, რას ფიქრობს დუგინი. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე და რას ფიქრობს დუგინი, ეგ უთხარით სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.