ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე -ნინო ლომჯარია

65
spot_img

ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე – დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებს, რადგან ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, მსგავსი გადამწყვეტი მომენტი საქართველოს უახლოეს წარსულში არ ჰქონია და შესაძლოა, არც მომავალში დადგეს.

„ეს დღე და მოცემულობა, ვიტყოდი, რომ საქართველოს დღევანდელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უახლოეს წარსულში ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გვქონია და ასეთი გადამწყვეტი მომენტი, შეიძლება, არც ახლო მომავალში არ დადგეს. რეალურად, დღეს პარლამენტში ისეთ კანონპროექტს ეყრება კენჭი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალზე ამბობს უარს, არა ევროკავშირს და კი რუსეთს. დღეს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, იდგეს იქ, სადაც ეს გასაპროტესტებელია. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებს, რადგან ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე. ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატი და იმედგაცრუებაა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.