“დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება” – მეუფე შიო

21
spot_img

ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება… დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა ყოველი ჩვენგანისთვის.

„ის დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დიდ მწუხარებასთან, ვინაიდან 9 აპრილს ამ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ, მეორე მხრივ, დაკავშირებულია დიდ სიხარულთანაც, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება.

სიხარული უკავშირდება ასევე იმას, რომ ამ დღიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

თქვენ გახსოვთ, მაშინ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ მართალია, ჩვენ იურიდიულად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ნამდვილი გათავისუფლება ჯერ შორს არის. ამას სჭირდება დიდი შრომა, დარაზმულობა, ურთიერთსიყვარული და ურთიერთგატანა.

მართლაც ასე მოხდა. ამ მოვლენების შემდეგ ჩვენმა ხალხმა ძალიან მძიმე წლები გამოიარა. დღეს ვფიქრობთ, იმ ძნელბედობის ჟამს გვქონდა კი ჩვენ ეს თვისებები – დარაზმულობა, ურთიერთგატანა და ურთიერთსიყვარული?! პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ამ თვისებების ნაკლებობით ჩვენ ძალიან ვცოდავდით, რის გამოც ვიწვნიეთ ბევრი მწუხარება და განსაცდელი.

დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი.

ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა. ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!-აღნიშნა მეუფე შიომ.