„ნატოს არ შევუტევთ, მაგრამ უკრაინაში “ეფ-16”-ებს ჩამოვაგდებთ“ – Reuters

100
spot_img

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით „ნატოს არ შევუტევთ, მაგრამ უკრაინაში “ეფ-16”-ებს ჩამოვაგდებთ“ (ავტორები – გაი ფოლკონბრიჯი და რონ პოპესკი), რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაა კომენტირებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

რუსეთის სამიზნე ნატოს არცერთი ქვეყანა არ არის და მოსკოვი არ დაესხმება თავს პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუ ჩეხეთს. თუმცა, თუკი დასავლეთი უკრაინას “ეფ-16” (F-16) გამანადგურებლებით მოამარაგებს, მათ რუსეთის ძალები ჩამოაგდებენ, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 მარტს.

რუსეთის თავდასხმამ მეზობელ სუვერენულ უკრაინაზე, ქვეყანაში 2022 წელს განმეორებით შეჭრამ და იქ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამ, რუსეთს და დასავლეთს შორის ისტორიული კრიზისი გამოიწვია, რომლის მსგავსი 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ევროპის კონტინენტს კი მსგავსი მასშტაბის საომარი მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.

ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადება რუსეთის საჰაერო ძალებთან შეხვედრის დროს გააკეთა. პილოტებთან საუბრის დროს მან თქვა, რომ შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი სამხედრო ალიანსი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა.

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსკოვს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის გეგმები არ აქვს, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. “ჩვენ არ გვაქვს აგრესიული მიზნები ამ ქვეყნების მიმართ” – თქვა ვლადიმერ პუტინმა, 28 მარტს, კრემლის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით. პრეზიდენტის თქმით, “ის იდეა, რომ ჩვენ შევუტევთ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, და რომ ჩეხებიც შეშინებულები არიან – სრული აბსურდია, უბრალოდ სისულელეა”.

რუსეთი შეერთებულ შტატებს რუსეთთან მარიონეტული ბრძოლის წარმოებაში ადანაშაულებს, რადგან ვაშინგტონი უკრაინას მხარს უჭერს დაფინანსებით, შეიარაღებით და დაზვერვის მონაცემებით. კრემლის თქმით, ამერიკასთან ურთიერთობა ამაზე უარესი არასდროს ყოფილა.

როცა პუტინს კითხვა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დაპირებულ “ეფ-16” გამანადგურებელზე დაუსვეს, მან თქვა, რომ ამგვარი თვითმფრინავები უკრაინაში სიტუაციას ვერ შეცვლის. “თუ ისინი მიაწოდებენ “ეფ-16″-ებს, საუბრობენ ამაზე და აშკარად ამზადებენ პილოტებს, ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე”, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსები ჩამოაგდებენ ამ თვითმფრინავებს ისევე, როგორც ანადგურებენ ტანკებს, ჯავშანტექნიკას და სხვა მოწყობილობებს, მათ შორის სარაკეტო დანადგარებს. პუტინმა იქვე აღნიშნა, რომ ამ თვითმფრინავებს ატომური რაკეტების გადატანაც შეუძლიათ.

წყარო