,,საგამოძიებო და სამართალდამცავი უწყებები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ტერაქტის ყველა დეტალი დაადგინონ”- პუტინი

30
spot_img

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შემდეგ ტერაქტის შემსრულებლებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული.

მისივე თქმით, საგამოძიებო და სამართალდამცავი უწყებები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ტერაქტის ყველა დეტალი დაადგინონ.

„ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის სახელმწიფო საზღვარზე გადასასვლელად „ფანჯარა“ იყო მომზადებული. ყველა, ვინც ამ ტერაქტის უკან იდგა, აუცილებლად დაისჯება. შემსრულებლები, ორგანიზატორები და დამკვეთები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, აუცილებლად აგებენ ამაზე პასუხს“, – აღნიშნა პუტინმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ შედგება თანამშრომლობა ყველა ქვეყანასთან, რომელსაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა სურს.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.