21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ყურება გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი შეხვედრა აშორებს. 21 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, დინამო არენაზე გაიმართება შეხვედრა ლუქსემბურგთან. იცით, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია. არ დავიწყებ ახსნას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ თამაშს ჩვენი ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის, ეროვნული ნაკრებისთვის, გულშემატკივრებისთვის.
ბილეთების გაყიდვა დაიწყო 27 თებერვალს და 24 საათში მთლიანად გაყიდული იყო ყველა ბილეთი. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, დასწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, მოეყვანათ შვილები, შვილიშვილები, თუმცა რაღაც რაოდენობას იტევს სტადიონი და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა გულდაწყვეტილი. ამის გათვალისწინებით, მქონდა საუბარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ ძალიან დიდი ეკრანი და გულშემატკივარს აღნიშნული შეხვედრის პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, ამავდროულად, ბავშვებისთვის მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, განთავსდება კვების ობიექტები.
„ვფიქრობ, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეხვედრის ყურების და სტადიონზე მოხვედრის სურვილი ჰქონდათ, რაღაცნაირად შევუმსუბუქებთ მდგომარეობას. მესმის, სტადიონზე ყოფნა აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც რაოდენობაზე მეტს ვერ იტევს სტადიონი, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დედაქალაქის მერია, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე მოაწყობს შესაბამის სივრცეს, სადაც იქნება დიდი ეკრანები და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, უგულშემატკივროს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ქომაგობს, გულშემატკივრობს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. ზოგადად, არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში, ყველაზე პოპულარული სპორტია და გულშემატკივრების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თითოეულ მათგანს ვუხდი მადლობას. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ფეხბურთში ვიყავი ამდენი წელი და ვიცი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველ გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თანამდგომისთვის. მადლობა ჩვენი ეროვნული ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბიჭებს. საკმაოდ რთული, დაძაბული შეხვედრა იქნება ლუქსემბურგთან, მარტივი თამაში არ იქნება ნამდვილად. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს. გამარჯვება, წარმატება, მინდა, ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი აუცილებლად გაიხარებს და ერთად ვიზეიმებთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებებს. როგორც იცით, 21 მარტს ლუქსემბურგთან, მეორე თამაში კი ფინალურ ეტაპზე იქნება ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებული გუნდებიდან. ვინც გაიმარჯვებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების შემდეგი მეტოქე ის იქნება. ორივე შეხვედრა გაიმართება თბილისში, რაც ასევე კარგი და მნიშვნელოვანია. 21 მარტს რესპუბლიკის მოედანზე იქნება სივრცე, სადაც დაიდგმება დიდი ეკრანი და გულშემატკივარს საშუალება ექნება, მოვიდეს და უგულშემატკივროს თავის საყვარელ ნაკრებს. წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ბიჭებს, წარმატებები და წინსვლა ჩვენ ქვეყანას, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.