საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ბერლინში შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთეს

60
spot_img

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ბერლინში შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთმა ამ ომში არ გაიმარჯვოს, მაგრამ არის პოზიცია, რომ არ მოხდეს ესკალაციის ინიცირება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, არაფერი თქვა თავის პოზიციაზე უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ შეთანხმდა პოზიცია, რომ არ მოხდეს ესკალაციის დაწყება.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება და, როგორც [ომის] პირველივე დღიდან, ჩვენ არ დავიწყებთ რაიმე ესკალაციას. მაგრამ ჩვენი განწყობა მტკიცეა. ეს ასევე გულისხმობს ჩვენს ერთიანობას და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რამდენიმე ინიციატივასთან დაკავშირებით, ერთად ვიმუშაოთ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მხარდაჭერას.

“ერთი რამე ცხადია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ისიც ნათელია, რომ ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან. ჩვენი საერთო მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ შეძლოს ეფექტურად დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი ამის ერთგულნი არიან. ჩვენ არ ვიტყვით უარს ჩვენს ვალდებულებებზე”, – აღნიშნა შოლცმა.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, დონალდ ტუსკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება უნდა იყოს მყისიერი და რაც შეიძლება დიდი, რათა უკრაინაში ვითარება უახლოეს მომავალში გაუმჯობესდეს.