უკრაინის ხელისუფლება მფარველობს კრიმინალებს და ის გახდა საქართველოში ნასამართლევი პირების ყოფნის ადრესატი – დავით მათიკაშვილი

12
spot_img

უკრაინის ხელისუფლება მფარველობს კრიმინალებს და ის გახდა საქართველოში ნასამართლევი პირების ყოფნის ადრესატი – რაც ყველაზე ღიმილისმომგვრელია, ეს პიროვნებები დადიან ევროპის დედაქალაქებში და კანონის უზენაესობაზე მსჯელობენ. ეს დაახლოებით იგივეა, ნაცისტური რეჟიმის შემოქმედნი ომის შემდეგ დამსხდარიყვნენ და მოკავშირეებთან ადამიანის უფლებებზე ესაუბრათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის რეაგირება იყო ერთადერთი სწორი რეაგირება იმ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, “საქართველოში მრავალგზის ბრალდებულ და მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილის ვოიაჟებთან დაკავშირებით”.

“ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იყოს ყველაზე უფრო მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, წინ აღუდგეს ყოველგვარ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ განწყობებს. ყველაზე მეტად ასეთ განწყობებს აჩენს სწორედ ის ფაქტები, გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბერლინსა და ბრიუსელში. ზურაბ ადეიშვილი გახლავთ ტირანული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ის არის მსჯავრდებული უამრავ სადისტურ დანაშაულში. ეს ადამიანების წამებასთან ერთად, ადამიანის ქონების გატაცებას და სხვა ძალიან მძიმე დანაშაულებს ეხება. ამ პიროვნებასთან მიმართებით მოხდა შეხვედრების ორგანიზება, განსაკუთრებით კი ხაზს გავუსვამდი ევროპულ ღირებულებებთან მიმართებით არსებულ ევროპულ სტრუქტურებს და ამ ყველაფერს სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი მხარდამჭერი და თანაშემოქმედი ესწრებოდა. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. 9 პუნქტის პირველი პუნქტი სწორედ ამ გარემოებით იწყება, რომ ევროკავშირის და ქართული სახელმწიფოს სულისკვეთება ერთმანეთთან უნდა დაახლოვდეს და ამ დაახლოებას ძალიან უშლის ხელს ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რიგი ევროკავშირის ბიუროკრატისა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში ბრალდებულ და მსჯავრდებულ, დამნაშავეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

უკრაინა არის ომში მყოფი ქვეყანა და ვალდებულება გვაქვს, მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ.

საქართველო დღესაც მყარად ეხმარება და გვერდში უდგას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ესაა ცალმხრივი მეგობრობა. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. პირიქით – ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურორის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო გიორგი ლორთქიფანიძე კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილი იმედოვნებს, ევროპელი პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს, რათა არ დაუშვან საქართველოში ანტიევროპული განწყობები.

“შესაბამისი განწყობა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებებში აისახა, მივიდა ადრესატამდე. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, ევროპელი პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ დაუშვან საქართველოში ანტიევროპული განწყობები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მათი მხრიდან საქართველოში დამნაშავე პირებთან უპასუხისმგებლო და უკონტროლო კონტაქტებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა არ მიესალმება”, – განაცხადა დაბით მათიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

“გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”,- ნათქვამია განცხადებაში.