ის რომ ყველანი „ნაცები“ არიან სინამდვილეში, ეს ფაქტია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ არის ათამდე სხვადასხვა პარტიაში გაშლილი, მაგრამ ამ პარტიებიდან ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ვერცერთი პარტია ამ შანსს ვერ მოიპოვებს, ეს ნათელია და ამას აჩვენებს ყველა კვლევა. რატომ უნდა მისცენ ხმა ნიკა გვარამიას, როდესაც ნიკა გვარამია 100 პროცენტით „ნაცმოძრაობასთან“ არის გაიგივებული. ვისაც „ნაცმოძრაობა“ უნდა, „ნაცმოძრაობას“ მისცემს ხმას“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, გამოვა თუ არა ოპოზიცია ერთი საარჩევნო სიით, სუბარი ასე პასუხობს:
„ასეთ გაერთიანებას ბევრი რამე უშლის ხელს, პირველ რიგში პიროვნული ამბიციები. თუ ერთიანი სია იქნება, შემდეგ ამ სიაში ადგილისთვის თავგადაკლული ბრძოლა დაიწყება, ერთმანეთს ცოცხლად შეჭამენ. ამ 30 კაცში ვინ მოხვდება, ძნელია, რომ ამაზე შეთანხმება შედგეს. ამბიციების და არასწორი გათვლების ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. წინა არჩევნებზე „ლელო“ დარწმუნებული იყო რომ იგებდა, თუმცა 4 კაცი ძლივს გაიყვანეს და მაშინაც რომ ყოფილიყო 5%-იანი ბარიერი, საერთოდ ბარიერს მიღმა დარჩებოდა. იგივე, სალომე ზურაბიშვილი როდესაც 2006 წელს არჩევნებში დამოუკიდებლად თავისი პარტიით გავიდა, 100%-ით დარწმუნებული იყო, რომ აბსოლუტურად ყველა საკრებულოში უმრავლესობას მოიპოვებდა, საბოლოოდ კი ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ გაიყვანა ვერცერთი კანდიდატი. ეს ამბიციები და არასწორი გათვლები უშლით მათ ხელს, რომ რაციონალური ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა სუბარმა.