ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული – ჯერ “რამშტაინის” ფორმატში, შემდეგ კი უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ.
ნატოს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კერძოდ, მან „დრონების კოალიციის“ პირველი შეთანხმება აღნიშნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და ლატვია ჩაუდგებიან სათავეში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის ექსკლუზიური მიმწოდებელია და კიევის სამხედრო დახმარების 99%-ზე მეტს უზრუნველყოფს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ცალკე აღნიშნა, რომ ხშირად – როგორც დრონების შემთხვევაში – სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ ლიდერობას არა აშშ, არამედ ევროპული წევრები იღებენ, რაც ასევე პასუხია ტრამპის მიერ გამოთქმულ წუხილზე, რომ ალიანსის ევროპული წევრები არასაკმარის დაფინანსებას გამოყოფენ თავდაცვის ხარჯებზე.