ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყნის მთავრობას F-35 საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ისრაელში ექსპორტი აუკრძალა

19
spot_img

ნიდერლანდებმა, შვიდი დღის ვადაში, ისრაელში F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტი უნდა შეაჩეროს, რადგან ღაზაში მიმდინარე ოპერაციის გამო, არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიდერლანდების სასამართლომ განაცხადა.

„სასამართლო ადგენს, რომ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ ისრაელის F-35 საბრძოლო თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების ჩასადენად“, – ნათქვამია ჰააგის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

ეს ნიშნავს, რომ F-35 ნაწილების ექსპორტი ნიდერლანდებიდან ისრაელში უნდა შეწყდეს.

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ რამდენიმე საერთაშორისო რეგულაციის თანახმად, რომლის მონაწილე ნიდერლანდებიცაა, ქვეყანამ უნდა აღკვეთოს სამხედრო ტექნიკის ექსპორტი, თუ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი.

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – Oxfam Novib-მა, Pax for Peace-მა და The Rights Forum-მა გაასაჩივრა ნიდერლანდების სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ისრაელში F-35 ნაწილების ექსპორტის საშუალებას აძლევდა.